დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

„5 თვეა, რაც ოპერაცია გავიკეთე და უკვე 46 კილო დავიკელი“ - exclusive

12:59 09-11-2017
12602

მაიკო კაჭკაჭიშვილის გარეგნულმა გარდასახვამ შოკი გამოიწვია სოციალურ ქსელში. 5 თვის წინ კომპოზიტორმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა და მას მერე 46 კილოგრამი დაიკლო. წონის პრობლემით შეწუხებული ქალები მაიას ფოტოებს უყურებენ და ნერწყვს ყლაპავან. მაიკო სტიმული აღმოჩნდა ბევრისთვის. მაშ ასე, დღეს კომპოზიტორი „პრაიმტაიმის“ სტუმარია და თავად გიამბობთ წონით გამოწვეულ დეპრესიებსა და მეთოდზე, რომლითაც წონის პრობლემას ნელ-ნელა იხსნის. „ეს ნახევარფინალია. ფინალი წინ არის“, – მსგავსი ფრაზებით ამხნევებს კომპოზიტორი მათ, ვისაც მასავით წონაში კლება განუზრახავს.

– მაიკო, როგორც ვიცი, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას შენს ცხოვრებაში... ალბათ, სხვადასხვა მეთოდი სცადე წონის დასაკლებად...
– ჯანმრთელობისთვის არასდროს არაფერი გამიკეთებია. ყოველთვის პოტენციალს ვხედავდი ჩემს შესაძლებლობებში, ვფიქრობდი, რომ თუ ნორმალურ წონას მივაღწევდი, ნორმალური ვიზუალის გოგო ვიქნებოდი. არ მინდა თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ არ ვიყავი უკმაყოფილო ჩემი არც აღნაგობით და არც ნაკვთების მოყვანილობით. ამიტომ მინდოდა, მაქსიმუმისთვის მიმეღწია. მაგრამ, მოგეხსენებათ, ტყუპების გაჩენის შემდეგ 55 კილო მოვიმატე. ამხელა წონის დაკლება დიეტებითა და მსგავსი მეთოდებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ვიკლებდი, მერე ორმაგად ვიმატებდი. 
– გამოდის მშობიარობის შემდეგ გაგიჭირდა ფორმაში ჩადგომა...
– ვეღარც ჩავდექი. მანამდე დიდი არ ვიყავი, მაგრამ გამხდარიც არ ვყოფილვარ. 
– რა იყო გარდამტეხი, რამაც ოპერაციამდე მიგიყვანა?..
– მე ვარ ძალიან რადიკალური ადამიანი. ან ბოლომდე უნდა ვიფრინო ცაში ან მიწაზე ვიფორთხო. საშუალო არ გამაჩნია. ასეთი ემოციური ვარ. ჩემი ცხოვრების წესი შევცვალე თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ძველი ძალიან მომბეზრდა. ახლა ბევრად უფრო საინტერესო დღეები მაქვს და კიდევ უფრო საინტერესო მელის წინ. პროცესში ვარ ჯერ, ფინალი წინ არის.
– ორი რადიკალიზმი მჭირსო, მითხარი. რაში გამოიხატებოდა ეს „ფორთხვა“?
– ეს არის სულიერად დაცემა, დეპრესია.
– წონის გამო დეპრესიაში ჩავარდნილხარ?
– როგორ არა. გოგო ხარ, ემოციები გაქვს, იპრანჭები და ამხელა მასა გიშლის ხელს. ისეთი დაბრმავებულიც არ ვიყავი, რომ საკუთარი თავი ვერ შემეფასებინა სარკეში. ეს პრობლემა სულ მაწუხებდა და ვცდილობდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. მაგალითად, მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი დღე და ღამე და მაქსიმალურად გავრთობილიყავი. 
– ბევრი მცდელობა გქონდა წონაში კლების?
– ბევრი არა. რამდენიმე მეთოდს მივმართე. ძალიან გრძელი პროცესია, მოითხოვს ნერვებს, რეჟიმს, მთელი დრო მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაუთმო. ამის ფუფუნება მე არ მაქვს. მყავს ოჯახი, ორი შვილი. ამიტომ რადიკალურ ზომას მივმართე.
– რა ჰქვია ოპერაციას, რომელიც შენ გაიკეთე?
– ეს არის ბარიატრია – კუჭის რეზექცია. ახლა მე მაქვს ყველაზე პატარა კუჭი. ბავშვებზე პატარაც კი. 
– ანუ ძალიანაც რომ მოინდომო, ვეღარ გასუქდები?
– ეს ცალკე თემაა და ხაზგასმით მინდა ვთქვა. წითელი ასოებით დაწერეთ, მათ გასაგონად. არიან ადამიანები, რომლებმაც ოპერაციის შემდეგ ტვინი ვერ გათიშეს, თვალსა და პირის გემოს დაემონნენ და კუჭი გაიდიდეს ჭამით. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ასეთ ადამიანებს პატივს არ ვცემ. ამხელა რაღაც გადაგაქვს, არც ისე მარტივი ოპერაცია, ერთი თვე რეაბილიტაციის პერიოდი, ასეთ გამოცდებს უძლებ, ყოველდღე ხედავ, როგორ იკლებ წონაში და ამის შემდეგ კუჭის ტკივილების ხარჯზე, წყალში ყრი ყველაფერს?!
– უკუჩვენება აქვს ამ ოპერაციას? ამბობენ, რისკია მსგავსი ოპერაციის გაკეთებაო...
– უკუჩვენება ბრმა ნაწლავის ოპერაციასაც აქვს, ასე ვერ გათვლი. ჩემს ქირურგს ერთი ფატალური შემთხვევაც არ ჰქონია. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი დავით აბულაძეს, ჩემი ბედნიერებისთვის. ფაქტობრივად მეორედ დავიბადე. მეორე მამად შემიძლია ჩავთვალო დათო აბულაძე ამის გამო. მამად კი არ მეკუთვნის ასაკით, მაგრამ მისი მონდომებით მართლა თავიდან დავიწყე ცხოვრება.
– რამდენი კილოგრამი დაიკელი ოპერაციის შემდგომ?
– 5 თვეა, რაც ოპერაცია გავიკეთე და უკვე 46 კილო დავიკელი. დიეტას აღარ საჭიროებს ჩემი მდგომარეობა. ყველაფერი მეჭმევა, მაგრამ ჩემი სურვილით, იმიტომ რომ სწრაფად მივიღო სასურველი წონა, კვების რაციონიდან ამოვიღე ტკბილეული, ცომეული, ვცდილობ, ცხიმიც ნაკლებად მივიღო. ძალიან მეშინია, რომ ოდნავ მაინც არ მოვიმატო, ვუფრთხილდები ჩემს მიღწევებსა და შედეგებს. 
– სამაგიეროდ მეგობრებს უმზადებ გემრიელ კერძებს...
– კი. ჩემი გურმანობა სადილების მომზადებაში გადავიტანე. ყველაფერს ვაკეთებ და თვალიც მიეჩვია, აღარ არის დახარბებული (იღიმება).
– მაიკო, ხშირ შემთხვევაში ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას ქალი ძლიერი სქესის გამო იღებს ხოლმე. შენს შემთხვევაში თუ იყო ეს სტიმული ან დღეს თუ არის?
– ჩემზე ძლიერი სქესი ჯერ ვერ ვიპოვე და თუ ვნახავ, გამიხარდება.
– მაშ ვისთვის იპრანჭები?
– მთელი საქართველოსთვის. ისეთი ბედნიერი ვარ, ყველას ვეპრანჭები.
– სცენაზეც ხომ არ გნახავთ?
– ეს არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ადგილი ჩემთვის. საბოლოო შედეგს რომ მივაღწევ, პირველივე ნაბიჯს გადავდგამ სცენაზე.
– ჩვენ გელოდებით სცენაზეც და სცენის მიღმაც ახალი სიმღერებით.
– დიდი მადლობა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე