არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

რატომ მივმართეთ რუსეთს დახმარებისთვის? - „ინტრიგებში გამობრძმედილმა კარასინმა მოითხოვა, საქართველოს მთავრობას უშუალოდ მიემართა თხოვნით მოსკოვისთვის"

14:07 09-04-2017
335
თეგები: ხანძარი

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ქვეყანაში გამძვინვარებული სახანძრო ეპიდემია...  დივერსიის ალბათობა... რუსეთისთვის გაგზავნილი ნოტა...   მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და პროგნოზები... ამ თემებზე „პრაიმტაიმი“ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, დავით გამცემლიძეს ესაუბრა.

– ეს ზაფხული არა უბრალოდ მაღალი ტემპერატურით, არამედ ხანძრების რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩეოდა. ამ ფაქტმა ბევრი ვერსია, ეჭვი და მოსაზრება გააჩინა, როგორია თქვენი ვერსია – დივერსიაა ეს თუ გლობალური დათბობის კვალი?

– რთული კითხვაა და უამრავ ასპექტს მოიცავს. XIV საუკუნეში მოღვაწეობდა ერთი „ფრანცისკანელი ბერი“,  საინტერესო ფილოსოფოსი უილიამ ოკკამელი, ვისაც  უილიამ ოკკამად იცნობს მსოფლიო. მას ეკუთვნის მეთოდოლოგიური პრინციპი („ოკამის სამართებელს“ უწოდებენ ფილოსოფოსები), რომელიც, თუ მეცნიერულად ვიტყვით, გამოიხატება ფორმულით: „უჭიროდ ნუ განამრავლებ საზრისთა“.
ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, თუკი ადამიანი ქუჩაში მიდის და თავზე აგური დაეცემა, უპირველესად იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, შეიძლებოდა თუ არა, აგური თავისით გადმოვარდნილიყო და თავზე დასცემოდა... შემდეგ, შესაბამისი სიმპტომატიკის არსებობისას, შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზეც, ვინმე ხომ არ დაუდარაჯდა სახურავზე და სპეციალურად ხომ არ დასცა თავში აგური და ბოლოს, ზოგიერთებმა შეიძლება ის ვერსიაც განიხილონ, რომ აგური კი არა, აგურად შენიღბული მეტეორიტი იყო, რომელიც უცხოპლანეტელებმა ესროლეს სპეციალურად, რაკი „დროის მანქანით“ გათვალეს, რომ მისი შვილთაშვილი გენიალური მეცნიერი აღმოჩნდებოდა და ანდრომედას მოსახლეობას დედამიწის კოლონიზაციაში ხელს შეუშლიდა.

ხუმრობა იქით იყოს და თუ განსახილველ საკითხს დავუბრუნდებით, პირველ ყოვლისა, დავსვათ კითხვა, არსებობდა თუ არა ობიექტური (ან ობიექტურად მიჩნეული) საფუძვლები და გარემოებანი, ეს ხანძრები თავისით გაჩენილიყო და არა ვიღაცის ბოროტი განზრახვით? რასაკვირველია, არსებობდა ამგვარი წინაპირობები: თითქმის უპრეცედენტო, თანაც „უნალექო“ სიცხე ზუსტად იმ რეგიონებში; ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობა, გულარხეინობა, დაბალი ყოფითი კულტურა, როდესაც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, ნარჩენები, მათ შორის პოლიეთილენი ან სიგარეტის ნამწვი, პირდაპირ ბუჩქებში მოვისროლოთ, პიკნიკის დასრულებისას სამწვადე ნაცეცხლარს წყალი არ გადავასხათ და ისე წავიდეთ;  ტყეში კოცონი დავანთოთ და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ მეორე მხრივ, თუ „საზრისთ“ მაინც „განვამრავლებთ“, შეუძლებელია, არ ვაღიაროთ, რომ საქართველოს უეჭველად  ჰყავს მოწინააღმდეგე (პუტინის რეჟიმის სახით), რომელიც ყველანაირ სისაძაგლეზე წავა, ყველაფერზე „ხელს მოაწერს“, რათა ჩვენს ქვეყანას დამატებითი პრობლემები შეუქმნას.

ოღონდ ამ დაშვებასაც  ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და უპირველეს ყოვლისა,  დავსვათ კითხვა: „რა მიზნით აკეთებს ან გააკეთებდა ამას რუსეთი?“ რადგან, თუ პირველ შემთხვევაში, როცა ადამიანი სიგარეტის ნამწვს აგდებს გულარხეინად,  ან კოცონს ანთებს ტყეში და ნაღვერდალს ტოვებს უგერგილოდ, ეს ბოროტი განზრახვა თითქოსდა არაა, მეორე შემთხვევაში უკვე ბოროტ განზრახულობასთან გვაქვს საქმე,  ბოროტი განზრახვა კი არ არის და არც შეიძლება იყოს უმიზნო ან უაზრო.

დავუშვათ, რუსული სპეცსამსახურები და დივერსანტები აჩენენ ცეცხლს. მაშინ აუცილებელი კითხვაა: „რა მიზნით?!“ – რათა  ბორჯომის ხეობა გააჩანაგონ და ამით ზიანი მოგვაყენონ? არადა, „ურისკოდ“ ზიანის მოსაყენებლად სხვა უამრავი საშუალებაც აქვთ... ტურისტების დაშინება და ტურისტული ნაკადის შემცირება კი მარტივად – საქართველოს მიმართულებით ავიარეისთა შეზღუდვით, ან  გადასახადის გაზრდით შეუძლიათ.

გარდა ამისა, სად გაგონილა სპეცსამსახურები, უკაცრავად და, ე.წ. ბენზინის კანისტრას ტოვებდნენ ადგილზე? ან რაღა დროს „მოლოტოვის კოქტეილებია“ XXI საუკუნეში? ყველა-ყველა და ამ ტექნოლოგიებით რუსული სპეცსამსახურები, „შტირლიცის“ ეპოქიდან მოყოლებული, მსოფლიო ლიდერები არიან და თუ საქმე საქმეზე მიდგა, ისე გააჩენენ ცეცხლს, თუ გააჩენენ, კვალს ვერავინ იპოვის. 
2008 წელს ღიად ბომბავდნენ ზუსტად ამ ადგილებს ცეცხლგამჩენი მუხტებით, რასაც კონკრეტული ბოროტი მიზანი ჰქონდა: დამწვარიყო ბორჯომის ტყე, „გამოჩენილიყო“ იქ დამალული ქართული სამხედრო ტექნიკა და მერე ამ ადგილებზე წერტილოვანი საავიაციო-სარაკეტო იერიში მიეტანათ.

კი ბატონო, ეს ყოველივე საკამათოა და ნურც იმას ვიტყვით, რომ, რაკი ამგვარი ვერსიები გამოითქმის, ამიტომ „კონსპიროლოგიით დაავადებული“ ერი ვართ. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ მეზობელმა სახელმწიფომ იმდენი უბედურება დაგვმართა, იმდენი პროვოკაცია მოგვიწყო და იმდენი სპეცოპერაცია განახორციელა ჩვენი ქვეყნის  წინააღმდეგ, თვით ყველაზე ჯანსაღ და რაციონალური ელიტის ევროპელ ერსაც კი გაუჩნდებოდა „კონსპიროლოგიისადმი“ მიდრეკილება.

ამიტომ, ავიღოთ „ოკამის სამართებელი“ და მოვითხოვოთ: „გაარკვიონ ეს ყოველივე ქართულმა სპეცსამსახურებმა!“ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ვართ სახელმწიფო და გვაქვს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებიც, რომელთა უშუალო მოვალეობაა, „დადონ“ დასკვნა, რეალურად  რა მოხდა 2017 წლის ზაფხულს საქართველოში.

– რამდენად პატრიოტული ან ჭკვიანურია, მოითხოვო ხელისუფლებისგან, არ დაიხმაროს რუსული ტექნიკა ხანძრის ჩაქრობისას, ეს რა სიმპტომს ავლენს?

– მოსკოვმა ამ შემთხვევაშიც რთული დიპლომატიური ინტრიგა გაითამაშა. აი, აქ მისი განზრახვა სრულიად მკაფიო და ნათელი იყო: როდესაც ბატონი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ესაუბრა (ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ბოლომდე გაურკვეველი დეტალია, ვინ იყო ამ საუბრის ინიციატორი), ამგვარ ინტრიგებში გამობრძმედილმა კარასინმა, რასაკვირველია, მოითხოვა, საქართველოს მთავრობას პირდაპირ, უშუალოდ მიემართა თხოვნით მოსკოვისთვის და არა შუამავლების, ანუ, ვთქვათ, გაეროს მეშვეობით, რაც, ასევე, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ესე იგი,  გაეგზავნა მოსკოვში ოფიციალური ნოტა, რომელიც დიპლომატიური პროტოკოლის ყველა ნორმის დაცვით იქნებოდა კონსტრუირებული.

გაიგზავნა კიდეც ასეთი ნოტა იმ მომენტში, როცა ნამდვილად იარსებებდა საფრთხე, ცეცხლი უშუალოდ დაბა ბორჯომს დამუქრებოდა, ან ბორჯომი-ხაშურის ავტომაგისტრალი გადაეჭრა. გიორგი კვირიკაშვილმა იცოდა,  ამით მძიმე მდგომარეობაში იყენებდა თავს, თუმცა სხვა გზაც არ იყო: ახლა ასეულობით ჰექტარი უნიკალური ტყის განადგურებაზე ვსაუბრობთ, რაც უდიდესი ტრაგედიაა; მაგრამ აბა, წარმოვიდგინოთ, რა უბედურება იქნებოდა თვით დაბა ბორჯომის, იქვე არსებული მინერალური წყლის ინფრასტრუქტურის მოსპობა?! ბოლოს და ბოლოს,  ყველაზე მთავარი: ათასობით ადამიანის, მათ შორის ტურისტის სიცოცხლე და ჯანმრთელობაც საფრთხეში იყო.  ამიტომ მთავრობამ ასეთი ნოტა სასწრაფოდ გაგზავნა, მიუხედავად „იმიჯური დანაკარგისა“;

 შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფრთხე შედარებით ნაკლებია. ამიტომ პირველად თხოვნას „დააწიეს“ შეტყობინება: „დიდი მადლობა, მაგრამ დახმარება აღარ გვჭირდებაო“. აქვე უნდა ითქვას ობიექტურად, რომ რუსეთის „საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს“ განკარგულებაში არსებული თვითმფრინავები АН-124 „РУСЛАН“, ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად მართლა ძალიან ბევრის შემძლეა როგორც ტექნოლოგიური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.

ჩემი აზრით, სერიოზული პოლიტიკური და „PR-შეცდომა“ იყო, რომ მთავრობამ მოსკოვში გაგზავნილი თხოვნის შესახებ ინფორმაცია თვითონვე უმალ არ გამოაქვეყნა. მაშინ ოპოზიციასაც მოესპობოდა საშუალება, თემა ასე „გაეპიარებინა“. თუმცა ოპოზიცია ქვეყანაში სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამგვარ თემებს „დაუდარაჯდეს“, ანუ მათი  გამწვავება სცადოს და ამაში აბსოლუტურად არაფერია დაუშვებელი ან ანტისახელმწიფოებრივი.

 „ზნეობრივი“ იმგვარი  კატეგორიაა, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკაში უფრო  „გულუბრყვილობად“ აღიქმება. თუ არსებობს შანსი, ოპოზიცია მას აუცილებლად გამოიყენებს. ხოლო „ოპოზიციონერობა“ იმიტომაა ძნელი და საპასუხისმგებლო საქმიანობა, რომ ოპოზიცია მუდამ უნდა დააკვირდეს, რათა „წითელი ხაზი“ არ გადალახოს, როცა ამ „გაპიარებისას“ არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას დააზიანებს. ეს ზღვარი ძნელად შესამჩნევია და ქართული ოპოზიცია მას ხშირად არღვევდა ბოლო 25 წლის მანძილზე, მაგრამ, ვფიქრობ, არა ამ შემთხვევაში, ბორჯომის ხანძრის დროს, რადგან რეალურად მათი

პროტესტებით არაფერი შეცვლილა „ადგილზე“.
ოპოზიცია ოპოზიციაა და „ოცნების“ ლიდერები თავად რომ იყვნენ ოპოზიციაში, თვითონაც ასე იქცეოდნენ. შესაძლოა, მომავალშიც „შეიცვალონ ადგილები“, რაც ნორმალურია, ისევ და ისევ ხსენებული „წითელი ხაზების“ დაცვის პირობით.

– ბორჯომის ხანძარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა და გვაგრძნობინა რუსეთისადმი უმრავლესობის დამოკიდებულება – თუმცა, ხომ არ ჩანდა ამაში არჩევნები და პოლიტიკური ინტერესები?

– საინტერესო კითხვაა. საერთოდ, ჩემი აზრით,  ნებისმიერი რეზონანსული თემის საჯაროდ განხილვისას, ანუ „საზოგადოებრივ დისკურსად“ ქცევისას, მუდამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი  სოციუმის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება: საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო 25-30 წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩამოყალიბდა ორი მნიშვნელოვანი სოციალური „სტრატი“: „მდუმარე უმრავლესობა“ და „აქტიური უმცირესობა“. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, არც ისე იოლი სათქმელია, საით „იხრება“ ამა თუ იმ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი: რუსეთის დახმარების მომხრედ თუ მოწინააღმდეგედ. სულაც არაა გამორიცხული, აქტიური უმცირესობა აპროტესტებდეს, ხოლო მდუმარე უმრავლესობა მხარს უჭერდეს, რაკი  თავისი პოზიციის ღიად გამოხატვისა ერიდებოდეს.
ამიტომ, ის პოლიტიკოსები, ვისაც ჰგონიათ, თითქოს კონკრეტული პოზიციის დაკავებით უმრავლესობას მიიმხრობენ არჩევნებზე, მწარედ ცდებიან – შესაძლოა, მიიმხრონ „აქტიური უმცირესობა“, ვინც პოზიციას ღიად გამოხატავს, მაგრამ ამომრჩეველი ხომ მარტო რჩება საარჩევნო ჯიხურში და პოზიციას კალმის ერთი მოსმით გამოხატავს ისე, რომ დარწმუნებულია, ვერავინ გაიგებს?  ეს წმინდად „ქართული“ რეალობაა სოციოფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რაც შესწავლასა და ყურადღებას საჭიროებს.

– რაც შეეხება არჩევნებს, რა არის ამ ადგილობრივ არჩევნებში თქვენთვის მთავარი ინტრიგა?

– მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, თბილისის მერის არჩევნებია. დედაქალაქი ჩვენი ქვეყნის „ნახევარია“, ყველა რესურსის გათვალისწინებით. სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ამგვარი რეალობა არც იყოს, მაგრამ საქართველოში ასეა და მმართველი პარტიები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამიტომ ფრთხილობდნენ თბილისში მერის პირდაპირი არჩევნების შემოღებას: თბილისში გამარჯვება არათუ „სანახევროდ“, არამედ „ორი მესამედით“ მთელ ქვეყანაში გამარჯვების წინაპირობათა შექმნას ნიშნავს. ამიტომ ეს არჩევნები უეჭველად ძალზე მძაფრი იქნება.

– რამდენად შეინარჩუნებს, თქვენი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსს?

– ბუნებრივია, კახი კალაძეს დიდი შანის აქვს, მოიგოს არჩევნები და გახდეს დედაქალაქის მერი. ოღონდ არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, არამედ იმიტომაც, რომ ზემოხსენებული „მდუმარე უმრავლესობა“, როგორც საქართველოს უახლესი ისტორია გვასწავლის,  მუდამ  სტაბილურობისა და „პროგნოზირებადობის“ მომხრეა, ხოლო  საარჩევნო ჯიხურში მარტო დარჩენისას შესაბამის არჩევანს აკეთებს.

აბა, გავიხსენოთ, ბოლო ათწლეულთა განმავლობაში რამდენჯერ მოგვისმენია ასეთი ნარატივი: „მაგათ“ ვინ მისცემს ხმას... ქვეყანა მოვიარე და „მაგათი“ მომხრე ვერსად ვნახე...“ მერე, როცა არჩევნებზე სხვა შედეგი „იდებოდა“, ოპოზიცია ამას „გაყალბებით“ ხსნიდა; არადა ეს გამარტივებაა: სინამდვილეში, მუშაობს „მდუმარე უმრავლესობისა“ და „აქტიური უმცირესობის“ სინდრომი. ოღონდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქვეყანაში მართლა რაღაც შოკისმომგვრელი ხდება, როგორიც იყო, მაგალითად, „ციხის სკანდალი“ 2012 წლის არჩევნების წინა დღეებში.

– რამდენად შესაძლებელია თბილისში მეორე ტური? და ახლა, როცა ბრძოლაში ირმა ინაშვილი ჩაერთო, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება ოპოზიციის ლიდერის წოდება მოიპოვოს – ელისაშვილმა, უდუმაშვილმა თუ ინაშვილმა? ვის რა პლუს-მინუსი აქვს?

– ამ თავისთავად საინტერესო  და საგულისხმო არჩევნებს კიდევ ორი ინტრიგა ახლავს: პირველი სწორედ ისაა, იქნება თუ არა „მეორე ტური“. ამ მხრივ, ყველაზე გონივრული, ანუ ელემენტარულად რაციონალური ინიციატივით გიორგი ვაშაძე გამოვიდა, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, სერიოზული და ანგარიშგასაწევი პარტიები პირველი ტურის წინ შეთანხმებულიყვნენ ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე, რათა „პროტესტულ ელექტორატს“ შანსი ეგრძნო და არჩევნებზე მოსულიყო.

მაგრამ, როგორც „ქართველთა წესია“, ოპოზიციამ სრულიად არარაციონალური არგუმენტით უპასუხა: „ჯერ მეორე ტურს მივაღწიოთ ცალ-ცალკე და მეორე ტურში დავუჭიროთ მხარი ერთიან კანდიდატსო“. ვფიქრობ, დიდია რისკი, ამგვარი სიჯიუტე და შეურიგებლობა-მოურიგებლობა, ელემენტარული კომპრომისის უნართა დეფიციტი, იმ შედეგს გამოიღებს, რომ ხსენებული „პროტესტული ამომრჩეველი“ არჩევნებზე საერთოდ არ მივა და კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ანუ არანაირი „მეორე ტური“ აღარ იქნება.
ასეთი სცენარი აბსოლუტურად უეჭველი როდია, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ძლიერი ოპოზიციური პარტიები რომ პირველი ტურის წინ შეთანხმებულიყვნენ ერთიან კანდიდატზე.

კიდევ ერთი ინტრიგა და საინტერესო ასპექტი ისაა, ვინ გავა მეორე ადგილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის მიუხედავადაც კი, ჩატარდება თუ არა მეორე ტური – თუნდაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციის თვალსაზრისით.

თუ ზალიკო უდუმაშვილი მეორე ადგილზე ვერ გავიდა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან სერიოზული მარცხი იქნება. და ამავე თემას უკავშირდება მესამე ნიშანდობლივი საკითხიც: შეძლებს თუ არა ალეკო ელისაშვილი მეორე ადგილზე გასვლას, ანუ გადაიხრება თუ არა პროტესტული ან ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი უპარტიო თუ „ზეპარტიულად“ მიჩნეული კანდიდატებისკენ? მე, პირადად, არ გამიკვირდება, რადგან ის, რაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ხდება ბოლო დროს, ზოგადად, პოლიტიკური პარტიებისადმი უნდობლობის გამოხატულებაა.
ირმა ინაშვილის წარმატება იმის მაჩვენებელი გახდება, რომ ელექტორატმა მაინც სისტემური ოპოზიცია ამჯობინა, ოღონდ ის პოლიტიკოსი, ვინც თავს წარმოაჩენს „მესამე ძალად“.
„ქართულ ოცნებას“ კი ხმას აძლევენ არა როგორც კლასიკურ პარტიას, არამედ როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტს“, ანუ ე.წ. „სახელმწიფო პარტიას“, ესე იგი ხელისუფლებას, როგორც ასეთს.
ისე, აქვე ერთი პროვოკაციული რიტორიკული კითხვაც ხომ შეიძლება დაისვას: აი, რომ ამბობენ „რეფერენდუმი ჩავატაროთ – ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა უნდა თუ არაო“. როგორც ჩანს,  დარწმუნებული არიან, ხალხი (რომელიც სინამდვილეში ამით საპრეზიდენტო მმართველობას ამჯობინებს საპარლამენტოს და სწორედ ამას გულისხმობს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევაში), რასაკვირველია, საერთო სახალხო არჩევნებს დაუჭერს მხარს, მაგრამ... პარალელურად მეორე რეფერენდუმი რომ ჩავატაროთ – ხალხს პროპორციული, ესე იგი პარტიული სიებით არჩევნები უნდა თუ მაჟორიტარულ არჩევნებს ამჯობინებს – არა?

– რა შანსები აქვთ პრორუსულ ძალებს ამ არჩევნებში? რა მთავარი იდეით გამოდიან ისინი საარჩევნო მარათონზე?

– ნამდვილად პრორუსულ (და არა „პრორუსულებად“ გამოცხადებულ) ძალებს საქართველოში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში არ აქვთ არანაირი შანსი მანამ, სანამ (ღმერთმა დაგვიფაროს) თბილისის ქუჩებში რუსული ტანკები არ დაიწყებენ გრუხუნს!

ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს შესაბამისი ელექტორატი არ არსებობს. როგორ გეკადრებათ – აბა, გავიხსენოთ, ხაჭაპურებს რომ უცხობდნენ ოკუპანტებს ზოგიერთ რაიონში 2008 წელს.
უბრალოდ, ეს კატეგორია, რომელიც მზადაა, კაპიტულაცია გამოაცხადოს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხედავს ისეთ ფიგურას, იმგვარ ძალას, ვინც მას ამ სურვილს („დანებებისა“ და „მოსვენების“ ინტენციას) აღუსრულებს, ამიტომ არჩევნებში  საერთოდ არ მონაწილეობს.

– ახლა საქართველოში პოლიტიკური პარტიები თითქოს „ჩაკეტილები“ არიან ამ საარჩევნო მარათონში და საგარეო პოლიტიკასა თუ საფრთხეებზე ნაკლებად საუბრობენ. თქვენი აზრით, რა მთავარი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას საქართველო? და რამდენად ეს არის რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები?

– ნუ გავიკვირვებთ და სწორედაც ეგზისტენციური საფრთხეა საქართველოსთვის ის, რაც ამჟამად ხდება კორეის ნახევარკუნძულზე! უფრო მეტადაც კი, ვიდრე სიტუაცია სირიაში და ბევრად მეტად, ვიდრე ის, რაც ხდება ან შეიძლება მოხდეს უკრაინაში, ვინაიდან თუ შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით,  ესე იგი ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სასიცოცხლო ინტერესთა „კვეთის წერტილში“ დიდი ომი დაიწყო,  განსაკუთრებით, თუ ეს ომი ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, პოსტსაბჭოური სივრცისთვის და იმგვარი „წვრილმანისთვის“, როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობა ან „თბილისი-გორის“ ავტომაგისტრალის ბლოკირებაა, ევროპასა და ამერიკაში ნამდვილად აღარავის ეცლება!

 რუსეთი ამ შანსით აუცილებლად ისარგებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას  „აბეზარი“, „შემაწუხებელი“ საქართველოს პრობლემა. მასთან ერთად კი, წმინდად  გეოგრაფიული ფაქტორის გამოყენებით, გადაწყვიტოს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყარაბაღის, თურქმენეთის ბუნებრივი აირის, ყაზახეთის პროდასავლური ორიენტაციისა და სხვა თანამდევი საკითხები, გაიკვალოს  გზა ირანისკენ და საბოლოოდ დაიბრუნოს ამით გლობალური ზესახელმწიფოს პოზიცია.