მთავარი თემა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

გმირი - დევი ჩადუნელი - "ასე ადვილად არ მო­ვკვდები, ხომ იცით, დევი ვარ"

12:20 08-08-2017
1140

– ასე ადვილად არ მო­ვკვდები, ხომ იცით, დევი ვარო, უთქვამს ბიჭებისთვის და მათ ხელში დაულევია სული. 9 აგვისტოს დაეცა დევი ცხინ­ვალში, ტაძრის კედელთან... მძიმედ დაჭრილი მეომრებს სთხოვდა, დამტოვეთ და წა­დითო... არ დატოვეს მტრის ხელში.

        ჩადუნელი დალი (და):

ბოლო დროს დევი უცნაურად იქცეოდა, აიკვიატა, სულ ამას ამბობდა : „აქ კი ცხოვრობს ადამიანი, მა­გრამ მთავარია, იქ როგორ იც­ხოვრებსო და იქ რას მივიტანთო. ამბობდა, მე თუ რამე მომივიდა ჯერ ახალდაბაში გამომატარეთ და მერე აქ მომიყვანეთო. არ ვი­ცი შეიძლება გული უგრძნობდა. ბოლო დროს იმასაც ამბობდა ხოლმე, რომ საქართველოს სა­ზღვრებს გარეთ რომ ვიყო და იქ ვიმსახურო არაფერი არ მომივა, მთავარია საქართველოში არ და­იწყოს რამე, აქ ვეღარ გადავრჩე­ბიო. ალბათ, მართლა წინათგრძ­ნობა იყო. სახლიდან ბოლოს 5 ივლი­სს წავიდა ვაზიანში. ეზოს კარს რომ მოსცილდა უკან სამჯერ მოიხედა. 5 აგვისტოს ველაპარა­კე ჯერ ომი არ იყო დაწყებული და მითხრა ვაზიანში ვარო. ამ­ერიკელები არიან და წვრთნებს გავდივართო, ერაყში მიდიოდა. მოიკითხა ყველა. დედასაც და­ურეკა, მაგრამ უფრო ხშირი ურ­თიერთობა ჩემთან ჰქონდა. ერაყში გამგზავრების წინ გო­რის ჰოსპიტალში შემოწმებაზე წაიყვანეს, მაგრამ რუსები შე­მოიჭრნენ და ეს ბიჭები პირველ ხაზზე გაუშვეს ცხინვალში. ტელევიზორს ვიყავით მიჯა­ჭვულები და ისე ვიგებდით ამ­ბავს, სხვანაირად ვერ ვუკავშირ­დებოდით.

ჩვენი სოფლიდან 12 ბიჭი იყო წასული ომში. მთელი სოფელი გარეთ იყო და ყველა ნერვიულობდა. 8 აგვისტოს, რო­დესაც ცხინვალში იყო ჩემი ძმ­ის ბატალიონი, დამიკავშირდა, გამეხარდა და ვკითხე რა ხდებ­ოდა, ღიმილით მითხრა, რომ „არაფერია ნუ გეშინია, ჩვენი ჯარი იცი რა მაგრად მოიქცა? რუსები გავაქციეთო.“ ჩვენ რომ არ გვენერვიულა გვითხრა, რომ ახლა გორში ვართ ცხინვალიდან გამოგვიყვანესო. ტელეფონში მესმოდა სროლის ხმა. მატყუე­ბდა, რომ ეს ხმები ცხინვალიდან მოდისო.

9 აგვისტოს არ მახსოვს ზუსტად ადგილი, რომელ ტერი­ტორიაზე შევიდნენ, ჩემი ძმის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ბატალიონი, რადგან გამოცდილი იყო და ერაყში ნა­მყოფი, მას ჩააბარეს, ერთი მხარ­იდან მეორე მხარეს უნდა გადასუ­ლიყო, მასთან ერთად სვანი ბიჭი ყოფილა, ჩემს ძმას უთქვამს, რომ შენ გადადი და მე დაგიცავო, ეს ბიჭი გადასულა, ამ დროს რუსე­ბმა ჩამოაგდეს ჭურვი. მთელი მა­რჯვენა მხარე აღარ ჰქონდა ჩემს ძმას. იქვე დაეცა ტაძრის კედლის გვერდით. ის ბიჭი ეძახდა თურმე - დევი, დევი სად ხარ წამოდიო და ჩემს ძმას ხელი აუწევია, უთქვამს, რომ წადით ბიჭებო მე დამტოვ­ეთო,

ამ ბიჭებს არ მიუტოვებიათ. შემდეგ ყვებოდნენ ჩემი ძმის მეგობრები, რომ დევი ყოველთვის გვამხნევებდა და ამბობდა, რომ ჩვენ მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები დგას, ბიჭებს ამხნევებდა თურმე. გზადაგზა თუ დაჭრილი ან მიცვ­ალებული ხვდებოდა სამშვიდო­ბოს გამოჰყავდაო და უკან ბრუნ­დებოდა სხვების დასახმარებ­ლადო. როდესაც დაიჭრა მასთ­ ან ერთად სვანი ბიჭი იყო, რომელმაც არ მიატოვა, წა­მოიყვანა. ისეთ ადგილას იყვნენ სადაც სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა. პიკა­პის სამხედრო მანქანით შევიდა ჩემი ძმის მეგობარი და გამოიყ­ვანეს, სისხლისგან იცლებოდა და მანქანით რომ მოყავდათ, თურმე ამბობდა, ჰაერი აღარ არის, რა ხდებაო? ხედავდა რომ ჩვენ ასე განვიცდიდით, გვეუბნებოდა, ნუ ნერვიულობთ, მე ასე ადვილად არ მოვკვდები, დევი ვარო.

ბოლოს უთქვამს: „უფალი, ალბათ, იმასაც შემი­ნდობს, რომ ომში ადამიანები მო­ვკალიო“. ინანიებდა ღვთის წინა­შეო. 9 აგვისტოს დაიჭრა და იმავე საღამოს გარდაიცვალა... 10 აგვი­სტოს მოვასვენეთ. ერთი კვირის შემდეგ დავკრძ­ალეთ, სოფელში. ვერ შევუსრულ­ეთ ბოლო თხოვნა, რომ ახალდა­ბაში მიგვესვენებინა ჯერ და მერე თავის სახლში. ჩვენი სახლიდან ჩანს ჯვარი, მისი ოცნება იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ ჯვარ­ის გვერდით უნდა დავდგა ტაძა­რიო.

ვფიქრობ, რომ ჩემი ძმის ეს სურვილი სისრულეში მოვიყვანო და ჩემი ძმის და იმ დაღუპული ბი­ჭების სახელზე, ჯვრის გვერდით აშენდეს ტაძარი.

1986 წლის 3 ივლისს დაიბადა ახალდაბაში. იქ სწავლობდა მე­ხუთე კლასამდე,. შემდეგ საცხოვ­რებლად გადმოვედით დედულში, ადიგენში და სკოლაც აქ დაამთა­ვრა. 18 წლის ასაკში გამოიძახ­ეს სავალდებულო ჯარში, ეს იყო 1999 წლის 18 ნოემბერი. სავა­ლდებულო ჯარი ახალციხეში მო­იხადა, სადაზვერვო ბრიგადაში.

კაპრალი იყო წოდებთ. როდესაც დევი ჩადუნელი კაპრალი ჩემი ძმა სავალდებულოს იხდიდა მათთან მივიდა საფარის წინამძ­ღვარი მამა არსენი და ბიჭებს სთ­ხოვა, რომ თუ სურვილი გექნებათ ტაძრის მშენებლობაში დაგვეხმა­რეთო. 7 თუ რვა ბიჭი, მათ შორის ჩემი ძმაც, დიდი სიხარულით წა­ვიდნენ ეკლესიის მშენებლობაზე მამების დასახმარებლად. ექვსი თვე ცხოვრობდა მონასტერში. ძა­ლიან შეიცვალა მისი ცხოვრება, მორწმუნე გახდა, ამ ექვსი თვის განმავლობაში სემინარიაში სწავ­ლობდა, იქაურ წეს–ჩვეულებებს იძენდა. ჩემი ძმა ამბობდა, ჯარმა იმდენი რამე მომცა, რომ მთელ ცხოვრებას გამყვებაო.

8 წლის იყო, როდესაც ხისგან აკეთებდა პატარა ჯვრებს, მაშინ საერთოდ არ ჰქონდა შეხება ეკლესიასთან, დღესაც გვაქვს მის მიერ გაკეთე­ბული ჯვარი, რომელიც ხატების კუთხეში დგას. ერთხელ სახლში ვიყავით ყვ­ელანი და გვითხრა - კონტრაქტზე უნდა წავიდეო. დედაჩემი ძალიან შეწუხდა, ერთი ბიჭი ჰყავდა და წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა ვთვლიდით, რომ რასაც თვითონ გადაწყვეტდა ის უნდა გაეკეთ­ებინა.

მამაჩემმა უთხრა, რომ თუ გინდა ეს საქმე წადი და ღმერთმა ხელი მოგიმართოსო. წინააღმდ­ეგობა უფრო დედისგან იყო. მამი­სგან და ბაბუისგან უფრო კაცური თანადგომა ჰქონდა. კონტრაქტზე წავიდა. ბათუმის ბრიგადიდან ერ­აყში მიავლინეს. კაპრალი იყო წო­დებით. ექვსი თუ შვიდი თვე იყო ერაყში. ერაყიდან როდესაც მიმესიჯებდა აღფრთოვანებით ყვებ­ოდა იმ ხალხის ცხოვრებას. ძალი­ან მოსწონდა მათი დისციპლინა, ამერიკელებთან ერთად იყო. ხა­ლხზე ყვებოდა, რომ ძალიან გაჭირვებულები არიანო და წყლის დეფიციტია და ჩვენ წყალს რომ გვაძლევენ ვინახავთ და ბავშვებს ვუნაწილებთო.

ხელი ოთწლიან კონტრაქტზე ჰქონდა მოწერილი. 2008 წელს დაიღუპა, დეკემბერში უმთავრდე­ბოდა კონტრაქტი. ამბობდა კონტ­რაქტს ალბათ, კიდევ გავაგრძელ­ებო, კარიერა უნდოდა გაეკეთებ­ინა ჯარის ცხოვრებით და უფრო მეტისთვის მიეღწია.“ 

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N47(89)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე