დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტი ყველა შესაბამის საპარლამენტო ფორმატს გამოიყენებს"

20:40 06-19-2017
20

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი ყველა შესაბამის საპარლამენტო ფორმატს გამოიყენებს.

"ბუნებრივია, პარლამენტს აქვს კითხვები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ზედამხედველობის განხორციელებაა. ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ზოგადად, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ კონკრეტული საქმის გამოძიებით. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აღნიშნული საქმის გამოძიებას. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"ევროპული საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიამ საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დააყენა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აფგან მუხტარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრა გაიმართება. 

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

15 ივნისს ​ე​ვროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია - „აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა“ - მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული.

ავტორი: ლილუ მიროტაძე
loading...