დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

(exclusive) აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას გიორგი მღებრიშვილი? - ექსკლუზიური ინტერვიუ შს მინისტრთან

19:09 06-19-2017
734

 მირიან ბოქოლიშვილი

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრთან. რას პასუხობს გიორგი მღებრიშვილი მისი უწყების მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ ბრალდებებს? გრძელდება თუ არა პოლიციელების მიერ ნარკოტიკების ჩადება? რას ამბობს შს მინისტრი ბოლო დროის სკანდალურ საქმეებზე? რა ჩანაწერებს ფლობს მღებრიშვილის უწყება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე და რა პოზიცია აქვს მინისტრს „ბირჟა მაფიის“ სკანდალურ კლიპსა და მუსიკოსების დაპატიმრებაზე?  რამდენად რეალურია ხმები, უახლოეს ხანში მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ? ამ თემებზე „პრაიმტაიმი“ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა.

 

 

  • ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გააქტიურდა კამპანია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ... რას უპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომელიც თქვენი მისამართით ისმის ამ მიმართულებით?

 

  • არავისთვის იქნება, ალბათ, მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ არსებობენ  ჯგუფები, გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი კონკრეტული მიზნები და მათი რეალიზებისთვის ხშირად იყენებენ ცალკეულ შემთხვევებს, რაზეც მიზანმიმართულ კამპანიას აგორებენ. სწორედ ასეთი შემთხვევის მონაწილეები გავხდით ბოლო მოვლენების დროს, რასაც თქვენს კითხვაში გულისხმობდით. ორი ადამიანის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით გახდა ნარკოტიკების ლიბერალიზაციისა თუ დეკრიმინალიზაციის მომხრეთა აქტიურობის მიზეზი და ცალკეული პოლიტიკური ძალების, რომელთაც, ასევე, საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვთ. მე ახლა დეტალურად არ ვისაუბრებ ნარკოპოლიტიკაზე. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოხატა მთავრობის პოზიცია და მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას გამოხატავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. თუკი შესაბამისი კანონმდებლობა იქნება, ბუნებრივია, შსს იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი.

რაც შეეხება „ჩადებებს“, თქვენც ეს გამოთქმა ახსენეთ თქვენს კითხვაში, რასაც იგივე აქციის მონაწილეებიც იყენებდნენ. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იცით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე კომენტარისგან თავს შევიკავებ.  მაგრამ ერთი რამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე: ამ აქციების დროს და შემდეგაც ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები ან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები, რომელთაც აქამდეც არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დანაშაულთან მათი კავშირის შესახებ საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი იცის და რა ხდება? ეს ადამიანებიც აპელირებენ იმით, რომ მათ „ჩაუდეს“. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. საერთოდ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ დამნაშავეები, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ხშირად მიმართავენ ინსინუაციებს, ცდილობენ, მოძალადიდან „მსხვერპლად“ იქცნენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და მიმაჩნია, რომ ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ.

 

 

  • გამორიცხავთ, რომ თქვენგან დამოუკიდებლად პოლიციის რომელიმე თანამშრომელი, იქნება ეს დაბალჩინოსანი თუ მაღალჩინოსანი, იყენებდეს ამ მეთოდს?

 

  • როგორც შს მინისტრი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. ამის თეორიული ალბათობა, როცა სისტემაში თითქმის 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შესაძლოა, არსებობდეს. მაგრამ მე მაქვს ჩემი მკაცრი პოზიცია ამასთან მიმართებაში და ამის თაობაზე იცის პოლიციის ყველა დანაყოფის ხელმძღვანელმა და უწყების თითოეულმა თანამშრომელმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც იარსებებს წარსულის ამგვარი მანკიერი პრაქტიკა. თუკი ვინმე მსგავსი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ამისთვის არსებობს შესაბამისი დანაყოფი ჩვენს უწყებაში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. 

 

 

– გენერალური ინსპექციის მუშაობაზე ოდნავ ქვემოთ გკითხავთ, მანამდე კი მაინტერესებს, გაქვთ თუ არა ნანახი „ბირჟა მაფიის“ კლიპი, რომელმაც თქვენი უწყება სერიოზულ სკანდალში გახვია?

  • სხვათა შორის, აქამდე არ გამიკეთებია ჩემი შეფასება ამ ახალგაზრდების კლიპთან დაკავშირებით და ახლა პირველად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას. სიმართლე გითხრათ, ეს კლიპი მოგვიანებით ვნახე, როცა მათი დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს. არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ინტერნეტში რომელიმე რეპ-ჯგუფის სიმღერებს ვუსმინო. მაგრამ, თუ გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მგონი, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც მოქალაქემ და როგორც ამ ქვეყნის შს მინისტრმა.
  • და როგორია თქვენი აზრი?
  • ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად – მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. 

მე პირადად როცა ეს კლიპი ვნახე, შემრცხვა პატარა ოთო მარგიშვილის, რომლის მამაც კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა, შემრცხვა პატარა ანი ქორიშვილის, მამასავით ცისფერთვალება გოგოსი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი მამა გმირია. და ეს ადამიანები, პოლიციელები, მართლა გმირები არიან. ეს არაერთგზის მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ სხვისი თავისუფლება, თუნდაც ეს გამოხატვის თავისუფლება იყოს, მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები და გადის სხვა ადამიანების შეურაცხყოფის ზღვარი... პატარა ანის, ოთოსა და მათი გმირულად დაღუპული მამების შეურაცხყოფის ზღვარი. მაგრამ ეს კატეგორიულად არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ვინმემ სისხლის სამართლებრივად სხვა დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი.  თავის მხრივ, ეს არც იმას გამორიცხავს, რომ, თუკი ვინმეს ასეთი „გამოხატვის ფორმა“ აქვს, სხვა დანაშაულს არ ჩაიდენს.

  • თუმცა ფაქტია, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებამ საკმაოდ ბევრი ეჭვი და კითხვა გააჩინა...
  • ამ საქმეზე გამოძიება მიდის და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა. საერთოდ, ვწუხვარ, რომ ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო პოლიციელების დაკნინების მცდელობამ და ეს უმეტესად ხდება კანონდამრღვევთა და კრიმინალების დამცველთა მხრიდან. ეს სახიფათო ტენდენციაა.

ცივილიზებულ, დასავლურ ქვეყნებში, როგორც წესი, არ ხდება იმის დისკრედიტება, რაზეც სახელმწიფოს უსაფრთხოება დგას – ჯარის, პოლიციის... შესაძლოა, იქაც იყოს ცალკეული დარღვევები, შესაძლოა, იყოს გადაცდომები და მერწმუნეთ, არის კიდეც, მაგრამ ამის გამო არავის უფიქრია პოლიციელის ან ჯარისკაცის დაჩოქება...

აი, ეს კი, მერწმუნეთ, მართლა აზიანებს არა მარტო ერთი უწყების იმიჯს, არამედ ქვეყანას.

 

 

  • შეგიძლიათ, გვითხრათ კონკრეტული მონაცემები პოლიციელების გადაცდომებისა თუ დანაშაულების შესახებ? რამდენად აქტიურია გენერალური ინსპექცია?

 

– როცა უწყებაში 40 ათას ადამიანამდე მუშაობს, ბუნებრივია, შესაძლოა, ცალკეულ პირთა მხრიდან იყოს გარკვეული გადაცდომები. საბედნიეროდ, ამას არ აქვს მასშტაბური ხასიათი. ამასთანავე, ჩვენი მიდგომა, ამ მხრივ, ძალიან მკაცრია. აღნიშნული მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექცია, რომელიც, სხვათა შორის, 2016 წელს კორუფციის წინააღმდეგ  ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) წევრი გახდა.

მხოლოდ გასული წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე  შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების საფუძველზე პასუხისგებაში მიეცა შს სამინისტროს 20 მოსამსახურე, მათგან 5 – ნარკოდანაშაულისთვის. გამოყენებულ იქნა 3090 დისციპლინური სახდელი, მათ შორის, შენიშვნა, საყვედური, თანამდებობიდან ჩამოქვეითება და აქედან, 245 პირი იქნა სამსახურიდან დათხოვნილი. ვფიქრობ, ეს ციფრები ცალსახად მოწმობს, რომ ჩვენ თვალს ვერ და არ დავხუჭავთ ნებისმიერ გადაცდომაზე, რომ არაფერი ვთქვა დანაშაულზე, უწყების არც ერთი თანამშრომლის მხრიდან.

  • რაც შეეხება აფგან მუხთარლის საქმეს... ითქვა,  რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ... რა კავშირი აქვს თქვენს უწყებას ამ საქმესთან?

 

  • მინდა ცალსახად გამოვრიცხო, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი. საერთოდ, როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ყველაზე წარმოუდგენელი განვითარების შემთხვევაშიც, კრიმინალური პოლიცია, თავისი ფორმით, იტაცებს ადამიანს დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში და ამას ვერავინ ხედავს. ამ ვერსიას თეორიულადაც კი ვერ დავუშვებ. ამასთანავე, ჩვენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოვიღეთ აფგან მუხთარლის მიერ ადვოკატისთვის დასახელებულ ლოკაციებსა და ყველა სავარაუდო მარშრუტზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოვკითხეთ უამრავი პირი...

 

– რა ირკვევა ამ ჩანაწერებით?

  • დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ  პოლიციისტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიებზე დროის მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ ფიქსირდება.

 

  • მაშინ რა ჩანს ვიდეოკამერებზე?

 

  • სანამ გამოძიება შუალედურ შედეგებს არ დადებს, მე ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამავდროულად, ჩვენ უკვე მივმართეთ აზერბაიჯანულ მხარეს, მოეცათ შესაძლებლობა, ჩვენი გამომძიებელი ჩასულიყო აზერბაიჯანში და აფგან მუხთარლი დაეკითხა. გვინდა, პირადად მისგან შევიტყოთ მის საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის.
  • ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, შეფასებები, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქამდე გაკეთდა, ძირითადად ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით იყო. სამწუხაროდ, აიტაცეს ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი. იცით, რომ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც მოგახსენეთ, ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. ასე რომ, ვისურვებდი, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ გავაკეთებთ წინასწარ შეფასებებს, სანამ არ დადგინდება საქმესთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები.

 

 

  • ბოლო პერიოდში ორი გახმაურებული საქმე გახსნა კრიმინალურმა პოლიციამ... ორივე შემთხვევაში ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაზეა საუბარი... საფუძვლიანია თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან მსგავსი დანაშაული გახშირდა?

 

  • კატეგორიულად არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები საქართველოში გახშირდა. პირიქით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტით, რითაც ქვეყნებში ორგანიზებული დანაშაულის დონე იზომება, საქართველოში, ამ მხრივ, რისკები მაღალი არ არის. ორგანიზებული დანაშაულის კუთხით ჩვენ ევროპაში, შეიძლება თქვას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. 

ერთეული შემთხვევები შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენ გვაქვს მყისიერი და ოპერატიული რეაგირება. თქვენ მიერ დასახელებული სპეცოპერაციებიც სწორედ ამას მოწმობს.

 

  • ზოგადად, კრიმინოგენურ ვითარებაზე რას გვეტყვით? როგორია ბოლო სტატისტიკური მონაცემები?

– გაზაფხულზე გამოვაქვეყნეთ 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და შევეცადეთ, საზოგადოებისთვის არ მიგვეწოდებინა მხოლოდ მშრალი ციფრები, არამედ მოგვეხდინა გარკვეული ანალიზი, რა ტენდენციები იკვეთება, რა მიმართულებით შეიძლება იყოს პრობლემა და რა უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემის დასაძლევად, რით არის განპირობებული კონკრეტული დანაშაულის კლება ან მატება. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისთვის. ეს პრაქტიკა აპრობირებულია დასავლეთში. 

რაც შეეხება გასული წლის ტენდენციებს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 60%-მდე. დანაშაულის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, იხსნება ცხელ კვალზე. ეს მოწმობს, რომ სამართალდამცველები ოპერატიულად და მაღალკვალიფიციურად რეაგირებენ დანაშაულზე.

ჩვენ გვაქვს კლება ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა ყაჩაღობა, ძარცვა და მკვლელობის მცდელობა. დანაშაულის მატება კი მოხდა, ძირითადად, შემდეგი მიმართულებით:  კიბერდანაშაული, რაც ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი ტემპის პარალელურად, მსოფლიოს მასშტაბით სამართალდამცველების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ასევე, ოჯახური ძალადობა, რაც, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა ლატენტურ ხასიათს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შსს-ს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩატარებულმა ღონისძიებებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მიმართვიანობა, რაც, თავის მხრივ, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობაზე აისახა. ასევე, გაიზარდა ქურდობა, ძირითადად, წვრილმანი ქურდობა და აქედან დიდი წილი მოდის არასრულწლოვნებზე, მათ შორის, 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ვფიქრობ, საჭიროა კომპლექსური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. დაბოლოს, მატებაა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების მიმართულებითაც. აქვე შევნიშნავდი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს შს სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში, 2016 წელს საქართველოს ყოველ 100 ათას მოსახლეზე რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობის მიხედვით ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის, საფრანგეთს, დანიას, უნგრეთს, ხორვატიას, ფინეთს და სხვ.

სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითი დღე  უმჯობესდება. ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, საპოლიციო ძალებისადმი საზოგადოების ნდობის მაჩვენებლით, 2010-2011 წლებთან შედარებით, ხუთი პოზიციით დაწინაურდა. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კი ამავე პერიოდთან შედარებით 37 პოზიციით წინ არის და 63-ედან 26-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

გასულ წელს კი ევროპის მიგრაციის ცენტრმა, „უსაფრთხო ქვეყნის“ (safe country of origin) კონცეფციაზე დაყრდნობით, უსაფრთხო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც,  წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოც მოხვდა.

  • რას გვეტყვით ბოლო პერიოდში სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ, როდესაც არაერთი კანონიერი ქურდი უდანაშაულოდ ცნეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს... რატომ შეცვალა მიდგომა ქართულმა თემიდამ?
  • ჩემი მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება არასწორი იქნება. ერთადერთი, რაც ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი ანალიტიკოსებისა და იურისტების შეფასებით, შესაბამისი კანონმდებლობა მიღებულია 12 წლის წინათ და საჭიროებს სერიოზულ დახვეწას, რათა არ დარჩეს არც ერთი ლაფსუსი და ღია ადგილი. სწორედ იმის გამო, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით სერიოზულ დახვეწას საჭიროებს, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო პაკეტი, რაც გულისხმობს ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას. ამ კანონპროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
  • და ეს ცვლილებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა გააფართოოთ?
  • მოგეხსენებათ, საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები არ არიან, მათი უმეტესობა უცხოეთს აფარებს თავს და იქ სჩადის დანაშაულებრივ ქმედებებს. გასულ წელს ჩვენ მოვახდინეთ უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი ან საქართველოსთან კავშირში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის აღრიცხვა და დავსვით ინტერპოლის „მწვანე ცირკულარზე“. პარალელურად, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ქმედითი მექანიზმების მიღება მათ წინააღმდეგ, ჩვენს ქვეყანაშიც, საკანონმდებლო დონეზე.

კანონპროექტში არის ბევრი სიახლე, მათ შორის, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზნების მისაღწევად ჩადენილი ნებისმიერი ქმედება. მოქმედი რედაქციით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზანი არის მხოლოდ სარგებლის მიღება. რამდენადაც ქურდულ სამყაროს ფინანსური მოტივები ხშირად შენიღბული აქვს, პროექტით განივრცო და დაემატა ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზნები.  ესენია: ძალაუფლების, გავლენის ან სოციალური აღიარების მიღება. არსებითად შეიცვალა „ქურდული სამყაროს“ წევრის განმარტება. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაწევრიანდება ქურდულ სამყაროში. მნიშვნელობა არა აქვს, პირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თუ არა ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებაში.

ამასთანავე, იზრდება სანქცია „კანონიერი ქურდობისთვის“, თავისუფლების აღკვეთის ვადა განისაზღვრა ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. ახალ დანაშაულად ცხადდება  ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა. მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს, როგორც კანონიერი, ასევე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში. ასევე, ახალ დანაშაულებად ცხადდება ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. აქვე არის ერთი საგულისხმო დეტალი: სისხლის სამართლის კოდექსში იქნება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, პირი განთავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას.

 

  • გასაგებია... დაბოლოს, მინდა გკითხოთ, რამდენად საფუძვლიანია ხმები უახლოეს ხანში თქვენ მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ?

– იმ ფონზე, როცა შსს-ში ხორციელდება ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორობის შესახებ, დავიმკვიდრეთ ადგილი ევროპის სამართალდამცველთა გაერთიანებაში,  რაც საქართველოს შსს-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა და აღიარებაა, როცა შევქმენით მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს, შემოდგომაზე უკვე ამოქმედდება ე.წ. „ჭკვიანი კამერები“,  ვიწყებთ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას, დნმ ბანკის შექმნას და სხვა ახალი პროექტების განხორციელებას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცალკეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, პერიოდულად „შეუტიონ“ პოლიციას, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, გააჩინონ დესტაბილიზაციის, დემოტივაციისა და რყევის შეგრძნება. არ ვიცი, სხვა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ლამის პერმანენტულად დეზინფორმაციის გავრცელება თუნდაც მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს იყოს ცალკეული პირების ჩემდამი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე და თავი დაანებონ უწყების, ჩვენი პოლიციელების დისკრედიტებას, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების საძირკველია.