დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ისტორიის ინსტიტუტს ანგრევენ – წლების წინათ განსაზღვრული ინვესტიცია თუ მორალური დანაშაული?

14:39 06-19-2017
115

ავტორი: სალომე ჩადუნელი

მელიქიშვილის #10-ში მდებარე ისტორიული შენობა მალე დაინგრევა და მის ადგილას მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. საუბარია ისტორიისა  და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობაზე,  რომელიც ამჟამად სამშენებლო კომპანია „m2“-ის მფლობელობაშია. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, რასაც სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორი და აქტივისტები აპროტესტებენ. „M2“-ში კი  ირწმუნებიან, რომ შენობის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას აცნობიერებენ და შენობის ფასადს არსებული ვიზუალით შეინარჩუნებენ. 

საინტერესოა,  როგორ აღმოჩნდა ისტორიის ინსტიტუტი კომპანია „m2“-ის ხელში, ვინ და რატომ გასცა ისტორიული შენობის დემონტაჟის ნებართვა და რა ბედი ეწიათ იმ მეცნიერებს, რომლებიც ამ შენობაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ? 

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა 1930-იან წლებში აშენდა და როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, 2009 წლამდე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. შენობის ავტორი არქიტექტორი კ. ლეონტიევია. 1927-1930 წლებში აშენებული ნაგებობა, არქიტექტორების დასკვნით, მსოფლიოში გავრცელებული კონსტრუქტივიზმისა და ქართული ეროვნული მოტივების გაერთიანების საინტერესო მცდელობაა.  შენობაში თავდაპირველად ტუბერკულოზის ინსტიტუტი მდებარეობდა. 1980 წლიდან მასში საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობს.  ინსტიტუტის შენობის ისტორიული მნიშვნელობის გამო, 2007 წელს სპეციალისტების ჯგუფმა კულტურის სამინისტროს მიმართა და შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. იმ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს შენობებს კულტურის სამინისტრო ანიჭებდა და არა სააგენტო. სამინისტრომ ინსტიტუტის შენობასა და კიდევ 400 ობიექტის გაძეგლებაზე უარი განაცხადა.

 სახელმწიფოს უარის შემდეგ, 2010 წელს ინსტიტუტის შენობა კერძო პირზე გაიყიდა. შენობამ 2011 წლამდე რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. 2011 წელს კი მისი მესაკუთრე შპს „პირიმზე“ გახდა, რომელიც კოდუების დედის, ლაურა ღაჭავას სახელთან არის დაკავშირებული. 2012 წელს შენობის მფლობელი კომპანია  იცვლება, თუმცა არ იცვლება მესაკუთრე. შპს „PP“-ს დირექტორი, რომელმაც ინსტიტუტის შენობა 2012 წელს გადაიფორმა, ისევ ლაურა ღაჭავაა. 

როგორც ჩანს, ლაურა ღაჭავას შენობის ბიზნესობიექტად ქცევა თავიდანვე განზრახული ჰქონდა. 
როგორც მერიაში განგვიცხადეს,  ლაურა ღაჭავამ თბილისის მერიას დემონტაჟის ნებართვის მოთხოვნით 2014 წლის სექტემბერში წერილობით მიმართა. მერიამ მიმართვა არ განიხილა, რადგან, მათი თქმით, წერილში რამდენიმე პუნქტი ხარვეზებით იყო ჩამოყალიბებული.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, „ხარვეზიანი პუნქტის შეცვლის მოთხოვნით არავის მიუმართავს და იმის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა მერიაში არ გამართულა“, მანამ სანამ ლაურამ ღაჭავამ საკუთარი კერძო საკუთრება „m2“-ს არ მიჰყიდა. 

შენობის გაყიდვა-გადაყიდვის პარალელურად, საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა სამეცნიერო სივრცეში.  საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილებით, უკლებლივ ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამოიყვანეს აკადემიის სისტემიდან, ხელახლა დააფუძნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, თანაც ისე, რომ უძრავი ქონება არ დაუკანონეს და სხვადასხვა ინსტიტუტებს დაუქვემდებარეს. 

 ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ სახელმწიფო ინებებდა და ინსტიტუტების შენობებს კერძო მესაკუთრეებს მიჰყიდდა, სრულიად კანონიერი ქმედება, მეცნიერების ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეს შექმნიდა და მათი შეფარება უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა იქნებოდა.

 ასე მოხდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შემთხვევაშიც. ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუქვემდებარეს. შენობა სახელმწიფოს და შემდეგ რამდენიმე კერძო მესაკუთრეს გადაეცა...

როგორც „პრაიმტაიმს“  ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ თემურ ჯოჯუამ განუცხადა, მეცნიერებმა ინსტიტუტის შენობის  გაყიდვის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგეს. 

„სასაცილო ის არის, რომ მეცნიერებმა ამ შენობის კერძო პირზე გაყიდვის შესახებ არაფერი ვიცოდით და სრულიად შემთხვევით საჯარო რეესტრში ვნახეთ. ჩვენ ბევრჯერ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ ინსტიტუტის შენობა ჩვენთვის გადმოეცა, თუმცა უარი განგვიცხადეს, მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა, შენობა ავარიული იყო და ის რომ ჩვენთვის გადმოეფორმებინათ, ჩვენ შენობის რეაბილიტაციას ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ შევძლებდით. სახელმწიფო კი შენობის რეაბილიტაციას არ აპირებდა“. 

მას შემდეგ, რაც ინსტიტუტის შენობა სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეს გადასცა,  მეცნიერებს შენობის დატოვების შესახებ ესაუბრებიან. ირკვევა, რომ თსუ-ს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტისთვის შესათავაზებელი მხოლოდ სამი ოთახი ჰქონდა, რაც, მეცნიერების თქმით, მარტო ინსტიტუტის არქივს ვერ დაიტევდა. მეცნიერები რჩებოდნენ შენობაში მანამ, სანამ ალტერნატივას ნახავდნენ, ბევრ მეცნიერს კი შენობის დატოვება მხოლო და მხოლოდ კარგი ადგილმდებარეობის გამო არ უნდოდა. 

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი მეცნიერებს საბოლოოდ  2016 წლის ივლისში დაატოვებინეს, ანუ მას შემდეგ, რაც მესაკუთრე „m2“ გახდა და შენობის ადგილას სასტუმროს აშენება განიზრახა. კომპანიამ, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მეცნიერების პროტესტი აერიდებინა, რადგან კანონი „m2“-ს ინსტიტუტისთვის შენობის მოწყობას არ ავალდებულებდა, კეთილი ნებით ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს მაღლივი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე უძრავი ქონება აუშენა. 

„ინსტიტუტში მუშაობისთვის არანორმალური პირობები იყო. წიგნები რომ გადმოგვქონდა, თაგვები დარბოდნენ... სასწაული რომ მომხდარიყო და ფული უკან დაებრუნებინათ, იმ შენობას მაინც დასჭირდებოდა სოლიდური თანხა რესტავრაციისთვის. ზავრიევის ინსტიტუტი იყო, რომელიც შენობის მდგრადობას იკვლევდა და თქვეს, რომ შენობის ფლიგელები გეოლოგიურ ბალიშებთან ერთად იყო გადაწეული. სულ გვქონდა შიში, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენობა ჩამოიშლებოდა. იმ შენობაში დარჩენაც გამოსავალი არ იყო. ღია ცის ქვეშ დარჩენას და ორ ოთახში შეკეტვას ეს ვარიანტი სჯობდა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ თემურ ჯოჯუამ. 
 
„m2“-ს არავინ ავალდებულებდა ინსტიტუტის თანამშრომლების შენობით უზრუნველყოფას. მან ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მეცნიერების პროტესტის ტალღის თავიდან აცილების მიზნით გადადგა. მეცნიერების პოზიციით, მათ პროტესტს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ „m2“ შენობის კეთილსინდისიერი მყიდველია. 

„კანონი არც ერთ ეტაპზე არ დარღვეულა. როგორ გავაპროტესტოთ, რატომ აშენებთო, როცა კეთილსინდისიერი შემსყიდველები არიან. აქ პრობლემა სხვაა.  ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ სახელმწიფოს პოლიტიკა, არ გაუყიდონ ინსტიტუტებს შენობები“. 

რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, ინსტიტუტებისთვის შენობის გაყიდვის მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროს დაინერგა და ამჟამინდელი ხელისუფლება ამ პრაქტიკას არ გააგრძელებს. 

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დაგვიგვიანდა იმ გადმოსახედიდან, რომ აღნიშნული შენობა გასხვისებული იყო 2009-2010 წელს. ეს იყო გადაწყვეტილება წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ შენობა გაყიდული დაგვხვდა, პრივატიზებული ფართი.  ჩვენ რომ დღეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვქონდეს, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებდით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა ჩვენთან საუბრისას. 

მართალია, მარიამ ჯაში ირწმუნება, რომ ხელისუფლება ინსტიტუტს შენობას არ გაყიდდა, რომ არა წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ შენობაზე დემონტაჟის ნებართვა სწორედ „ქართული ოცნების“ მერიამ გასცა. 

„m2“-მა 3-ჯერ მიმართა მერიას შენობის დემონტაჟის მოთხოვნით და სამჯერვე უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ საჭირო იყო დემონტაჟის ნებართვის გაცემამდე შენობის დაშლა-აღდგენის პროექტის დამუშავება, ისე, რომ მისი ისტორიული მნიშვნელობა არ დაკარგულიყო. 

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განგვიმარტავენ, მშენებლობის ნებართვა მეოთხე ცდაზე, მას შემდეგ გაიცა, რაც პროექტი დაიხვეწა და ყველა ის შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის“ საბჭომ გასცა. 

„ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა რადგან ისტორიულ ზონაშია, ამიტომ „კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ“ განიხილა, რომელიც დაკომპლექტებულია მოწვეული სპეციალისტების მიერ. სანებართვო განყოფილება „კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს“ რეკომენდაციებით გასცემს მშენებლობის ნებართვებს. 2016 წლის 13 ივლისში კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ აღნიშნულ პროექტზე გასცა დადებითი დასკვნა. შენობის სახეს ინარჩუნებენ, პროექტითაა გაწერილი და პროექტის მიხედვით უნდა განახორციელონ სამუშაოები“, – ამბობს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ქართლოს თეთრაული. 

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: 130-ნომრიანი, სამვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და 18-ბინიანი საცხოვრებლისგან. პირველი სართულიდან მე-5 სართულის ჩათვლით განთავსებული იქნება სასტუმრო ნომრები, ხოლო 6-დან მე-11 სართულის ჩათვლით – საცხოვრებელი ბინები. საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფართობი 2153 კვ.მ-ია, განაშენიანების ფართობი –1859 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი – 11116 კვ.მ. მშენებლობა 2017 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „პრაიმტაიმს“ „m2“-ში განუცხადეს, დემონტაჟი უკვე დაწყებულია, რომლის შემდეგაც მოხდება დაკონსერვება და ყალიბების აღება. 

„შენობის სამივე მხარე ისე აღდგება, როგორც ადრე იყო. უკვე ავიღეთ კონკრეტული ორნამენტების ყალიბები. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია, სულ 16 მილიონი ლარი გვიჯდება. „m2 უძრავ ქონებას“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული აქვს არსებულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, რომელიც თავისთავად მოიცავს სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების უფლებას. ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული შენობა არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს“, – განგვიმარტეს არქიტექტურის სამსახურში. 

როგორც მერიის, ისე „m2“-ის მთავარი არგუმენტი დემონტაჟის გასამართლებლად არის ის, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.  აქტივისტები კი, რომლებიც დღეს მელიქიშვილის #10-ში მშენებლობას აპროტესტებენ, ვარაუდობენ, რომ ინსტიტუტს განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როდესაც გაძეგლებაზე უარი განაცხადეს.  

„თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ამ შენობებს აქვთ ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც შესაძლებელია კარგი საინვესტიციო პროექტების განხორციელება. პრაქტიკულად, მაშინვე განაჩენი გამოუტანეს მათ, რადგან არ მისცეს ძეგლის სტატუსი“, – ამბობს „ლიბერალთან“ ინტერვიუში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი. 

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი პროტესტს აგრძელებს და შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსების მინიჭებას ითხოვს, შენობის დემონტაჟი გრძელდება. სულ მალე  ისტორიული შენობის  ადგილზე თანამედროვე სასტუმრო აშენდება. სამართლებრივად ყველაფერი ნორმაშია, „m2“ შენობის კანონიერი მფლობელია და არც მერიას დაურღვევია კანონი მშენებლობის ნებართვის გაცემით. ამ შემთხვევაში საქმე მორალურ დანაშაულთან გვაქვს, რომელიც არა კერძო კომპანიების, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და გადაწყვეტაა – გაუყიდის თუ არა შენობებს ინსტიტუტებს. 

  ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი ერთადერთი არ არის, რომელსაც სახელმწიფომ შენობები გაუყიდა, მეცნიერები ჰაერში უნივერსიტეტის კეთილი ნების ანაბარა დატოვა, ან შენობების ბედი კერძო პირებს მიანდო. ასეთი უნივერსიტეტებია, მაგალითად, გეოლოგიის, მეტალურგიის, გეოგრაფის, მათემატიკის, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტები. 

„პრაიმტაიმმა“ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია იმ ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო და სახელმწიფომ კერძო სექტორს მიჰყიდა. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პასუხს და ვაგრძელებთ თემას.