დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

რატომ შეექმნა პრობლემები ეროვნულ გამოცდებზე „იქს ფაქტორის“ კონკურსანტს – „მინისტრსაც მივმართე...“ - exclusive

13:24 06-19-2017
4680

სანდრო კურცხალიძისთვის „იქს ფაქტორი“ პირველი კონკურსია, რომელზეც ბედი სცადა. მანამდე ეგონა, რომ გული ეტკინებოდა; რომ მსგავს პროექტებში ნიჭს არ აფასებდნენ და ამიტომ თავს იკავებდა. ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. წელს სკოლა დაამთავრა. ჯერ ვერ გადაწყვიტა, მუსიკას გაჰყვება თუ მამის გზას და ზღვაში გავა. რატომ გაუუცხოვდა მამას, რა მისწერა განათლების მინისტრს და როგორი გოგონები მოსწონს, ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ. სანდრო დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია. 

– ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. დღესაც იქ ვცხოვრობ. ჩემს ოჯახში ყველა მღერის მოყვარულის დონეზე. ბავშვობაში ჩემმა მშობლებმა ხალხური სიმღერების ანსამბლში შემიყვანეს. შემდეგ ბათუმის კონსერვატორიაც დავამთავრე, ექვსწლედი, ოღონდ ძალით. ჩემი პირველი სცენა იყო პოლონეთში, ვარშავაში, 11 წლის ვიყავი მაშინ, „კრიმანჭული“ ვიმღერე. ეს იყო ანსამბლ „თოლიას“ გასტროლი. 
– სკოლა წელს დაამთავრე, რას აპირებ?
– ოო, ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. 3 ივლისს იწყება ეროვნული გამოცდები. თუ ფინალში მოვხვდი, ვერ გავალ გამოცდებზე. ბათუმში გავიარე რეგისტრაცია და ახლა აღარ მიცვლიან ქალაქს. მინისტრსაც მივმართე და უარი მითხრა რატომღაც. თუ ფინალში მოვხვდები, ერთი წელი ჩამივარდება.
– რა არის შენი ინტერესის სფერო?
– არ მიზიდავს ტექნიკური საგნები. ჩემი ინტერესის სფერო არის მუსიკა. დანარჩენში ყველაფერში ვარ ნული. 
– კონსერვატორიაში აპირებ ჩაბარებას?
– არა, იმიტომ რომ საქართველოში რატომღაც ასეა მიღებული, თუ კონსერვატორიაში აპირებ ჩაბარებას, კლასიკური მუსიკის განხრით უნდა წახვიდე. კლასიკა არ არის ჩემი ჟანრი. თუ მაინც მუსიკის გზას გავყვები, უცხოეთში მივიღებ განათლებას. 
– აქამდე არცერთ მუსიკალურ კონკურსში არ გამოჩენილხარ. რატომ?
– აქამდე მხოლოდ ჩემს ბენდთან და ჩემს ძველ ანსამბლთან ერთად მქონდა კონცერტები და გასტროლები, კონკურსები, ფესტივალები. ჩემი პირველი ბენდი იყო „შუა ქალაქი“, კლასელებმა შევქმენით, ცოტა ხანს ვიარსებეთ. შემდეგ გავაკეთეთ „ბლექ სინ“, შემდეგი იყო „გზის რადიო“... კონკურსში მონაწილეობა არასდროს მიცდია. არც „იქს ფაქტორზე“ მოვხვდებოდი, ჩემი მეგობარი გოგო, ეკუნა გურგენიძე რომ არა, რომელსაც, უბრალოდ, მივყევი ქასტინგზე. მოსაცდელში დრო რომ გაგვყავდა და ვმღეროდით, გარშემო ყველამ მირჩია, მეც გავსულიყავი. ფაქტობრივად, ზეწოლის ქვეშ მოვექეცი. შევედი, მომზადებულიც არ ვიყავი. მანანა მორჩილაძე და ავთო აბესლამიძე ისხდნენ ქასტინგზე ჟიურიში. ვუთხარი, მოუმზადებელი ვარ და კარაოკეს თუ ჩამირთავთ, გიმღერებთ-მეთქი. მანანამ გამლანძღა. მერე ჩემი მეგობრის რეპერტუარი ვიმღერე. სახის გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ მოეწონათ. სამი კვირის მერე დამირეკეს. ყოველთვის თავს ვარიდებდი კონკურსებს და აქაც ბევრი ვიფიქრე. მეგონა, გული დამწყდებოდა, მეგონა, ასეთ პროექტებში ერთეულებს უმართლებდათ და ნიჭს არ აფასებდნენ. საბედნიეროდ, შევცდი. ვორჭოფობდი იმის გამოც, რომ აბიტურიენტი ვიყავი და ბათუმში ვემზადებოდი. მერე ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, უმაგრესმა ადამიანმა, ნინო სამსონიამ მომაწოდა იდეა, რომ სკაიპში მომამზადებდა ისიც და დანარჩენი პედაგოგებიც, ოღონდ კი უარი არ მეთქვა ამ პროექტზე. 
– მეზღვაურობაც გინდოდა, როგორც ვიცი. გადაიფიქრე?
– ჯერ ვერ გადავიფიქრებ ვერაფერს, იმიტომ რომ არ ვიცი, რა იქნება. პროფესია მჭირდება. თუ საქართველოში მომიწია დარჩენა და უცხოეთში ვერ წავედი სასწავლებლად... არ მგონია, „იქს ფაქტორში“ გამარჯვებით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს. ბევრს მოუგია პროექტი, მაგრამ ამით დამთავრებულა ყველაფერი.
– გგონია, რომ შენც ჩაქრები?
– მე არაფერი არ მგონია, არანაირი გეგმა არ მაქვს, არ ვიცი, გავიმარჯვებ თუ არა, მომცემენ თუ არა სერტიფიკატს უცხოეთში წასასვლელად, ეროვნულებს ჩავაბარებ თუ არა.
– რა იცი?
– არაფერი არ ვიცი. დღეს რა დავალებასაც მაძლევენ, რა სიმღერასაც მაძლევენ, იმას ვსწავლობ. მამამ თუ დამირეკა და მითხრა, ჯანმრთელობის ცნობა აიღეო, წავალ და ავიღებ. რასაც მეუბნებიან, იმას ვაკეთებ ახლა, რობოტივით ვარ.
– მამა მეზღვაურია?
– კი. სანამ პროექტში ვიქნებოდი, ჩემ გვერდით უნდოდა ყოფილიყო, მაგრამ დაუგეგმავად მოუწია ზღვაში გასვლა. 
– მეგობარი გოგო ახსენე, შენი შეყვარებულია?
– არა, შეყვარებული არ მყავს. ახალი ჩაბარებული მაქვს ბიოლოგია და ტერმინოლოგია კარგად მახსოვს. ბუნებრივი გადარჩევის პროცესში ვარ ახლა (იცინის). შეყვარებულობის თუ ბოიფრენდობის საკითხი არ მიტაცებს. 18 წლის ასაკში სერიოზული ურთიერთობები არ მინდა. არც 22 წლის ასაკში მომინდება, ალბათ.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– ოცნების ქალი არ მყავს. უბრალოდ, ვიცი, რომ პირველ შთაბეჭდილებას ვიზუალი ახდენს, რომ დამაინტერესოს პიროვნებამ. თვალისა და თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლად უნდა მღეროდეს ჩემი შეყვარებული, ეს მთავარია, სავალდებულოა, მოყვარულის დონეზე მაინც...
– მომიყევი შენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდზე...
– ეს იყო გარდატეხის ასაკი, როცა გაუცხოება მოხდა ჩემსა და მამაჩემს შორის. ეს ის პერიოდია, როცა მშობელი მტერი გგონია. რაღაცები სხვანაირად, შენებურად გესმის. იმის გამო, რომ მამა ხშირად თვეობით მიდიოდა, მე დედას მივეკედლე, მას ვეკითხებოდი, სადმე წავსულიყავი თუ არა, დედას ვთხოვდი ფულს. უცბად ჩამოვიდა მამაჩემი, რომელიც 6 თვე ნანახი არ მყავდა და მითითებები დაიწყო, აქ არ წახვალ, ასე არ შეიძლება. ვბრაზდებოდი, დედა თუ მიშვებს, შენ რატომ მიკრძალავ-მეთქი. ამ პერიოდში ვცდილობდი, მისგან თავი შორს დამეჭირა. როცა სახლში იყო, მე ჩემს ოთახში შევდიოდი. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა ისევ დიდი ხნით. 
– როდის მიხვდი, რომ არასწორად იქცეოდი?
– განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ, 16 წლის ასაკში როცა ჩამოვიდა, მივხვდი, რომ მისი ჩამოსვლა სხვანაირად გამიხარდა, სხვანაირად აღვიქვი. აღარ მინდოდა, წასულიყო. მერე გავაანალიზე, რომ მამა ჩემი მეგობარია. თავადაც უფრო რბილად მომიდგა და დღემდე ერთმანეთზე მაგარი ძმაკაცები არ გვყავს. 
– „იქს ფაქტორს“ დავუბრუნდეთ. რომელი მენტორის შეფასებას ელოდები ხოლმე დაძაბული?
– ყველას აზრი მაინტერესებს. ვიცი, რომ გაბუნია არ გამაზავს შანსს, გამაკრიტიკოს. ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ არცერთ შეცდომას არ მაპატიებს. სტეფანესგან ველოდებოდი აგრესიას, როცა ოთო ღურწკაია გავარდა, მაგრამ, საბედნიეროდ, შევცდი.
– როგორია შენი პროგნოზი? ვინ არის მთავარი კონკურენტი?
– მუსიკალურ კონკურენციას არ ვაღიარებ. ყველას თავისი სტილი აქვს და თავისებურად ძლიერია. კონკურსანტებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სიცივე არავისგან მიგრძნია. საჟინიანიც ხშირად მეკითხება რჩევას თბილად. მე და გრიგოლი სულ ერთმანეთს დავდევთ, ვაწვალებთ, თამარი შეყვარებულებზე მელაპარაკება. ერთი მოცეკვავე მომეწონა აქ და სულ იმაზე მელაპარაკება, რჩევებს მაძლევს (იცინის), მის გასაგონად ხმამაღლა ამბობს ზოგჯერ, რომელი მოგწონს, აი, ის, წითელი რომ აცვიაო (იცინის)... ასე რომ, ამ ადამიანებს კონკურენტებად ვერ აღვიქვამ. პროგნოზებს რაც შეეხება, ახლა რთულია რამის თქმა. შეიძლება ბოლო მომენტში ვიღაცამ სახლი გაყიდოს, გამარჯვებაში ჩადოს ფული და ორმაგად მოგებული გახდეს, სახლსაც დაიბრუნებს და გამარჯვებასაც მოიპოვებს (იღიმება). წინა ლაივზე მამაჩემს ერთი ზარიც არ გაუკეთებია ჩემ სასარგებლოდ. აინტერესებდა, რა მხარდაჭერა მქონდა.
– რა შეცვალა ამ პროექტმა შენს ცხოვრებაში?
– ყველაფერი. მოვედი ხალისიანი, უდარდელი და ბევრი სანერვიულო შემხვდა, ამ სიტუაციაში გამოუცდელი ვარ და ამის გათვალისწინებით კარგად ვუძლებ. 
– რა არის გასაძლები?
– ორი სიმღერა გაქვს ერთ კვირაში მოსამზადებელი, რეპეტიციები, ძალიან დატვირთულები ვართ. ლაივის დღეს დილის 9 საათიდან ფილარმონიაში ვართ.  
– აქ ბევრი კონკურსანტი რეპერტუარს აპროტესტებს. შენ გქონია ეს პრობლემა?
– არ არის სწორი რეპერტუარის გაპროტესტება. თუ ხარ პროექტში, მის წესებს უნდა დაემორჩილო. „ჭრელო პეპელა“ რომ მოგცენ, ის უნდა იმღერო მაგრად. პროტესტი კონფლიქტს გამოიწვევს, აზრი არ აქვს. 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი
loading...