დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

„ქალს ზურგიდან გავხადე, კარები მოვკეტე...“ - ვის როლზე დააკავა ნინი ბადურაშვილი რეჟისორმა მამამ - EXCLUSIVE

13:08 06-19-2017
7455

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ახალ ფილმზე მუშაობს. ფილმი, სახელწოდებით „ხიდი“, გურჯი კაცის მძიმე ისტორიაზეა. დრამაში ერთ-ერთ მთავარ როლზე რეჟისორმა გადაწყვიტა თავისი ქალიშვილი, ნინი ბადურაშვილიც ათამაშოს, რომელსაც პარტნიორობას თურქი მსახიობი, მურატ ილდიმირი გაუწევს. ნინი და მურატი შეყვარებულ წყვილს ითამაშებენ...
მანამ სანამ ფილმის გადაღებები დაიწყება, ერეკლე თავისი ცხოვრების განვლილ გზაზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. რამ მიიყვანა ფსიქიატრიულამდე რეჟისორი, ვინ დაარქვა მის ქალიშვილს როლანდი, რატომ ვერ დაესწრო შვილის დაბადებას, ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

– ფაქტობრივად, კინოში დავიბადე. როცა ცხოვრების აღქმა დავიწყე, ჩემს გარშემო იყო გადასაღები მოედანი, ცხენები, აბჯარი, კამერები, მსახიობები, რეჟისორი... 5 წლის ვიყავი, როცა „დიდოსტატის მარჯვენას“ გადაღებები მიმდინარეობდა. ლალი ვერ გვტოვებდა ვერსად მე და ჩემს ძმას და თან დავყავდით. გადაღებები იყო კლდეკარში, სოჭში...
– რაიკომის მდივანი მამა არ იყო წინააღმდეგი, მეუღლე მთავარ როლზე დაემტკიცებინათ ასეთი მნიშვნელობის ფილმში?
– დედასგან ვიცი, რომ თემოს შინაგანი პროტესტი ჰქონდა, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას სახელს ვერ გადააბიჯა... გადაღებები მახსოვს ძალიან კარგად, 2 წელი მიმდინარეობდა. მახსოვს, დედა რომ ცხენიდან ჩამოვარდა, ვეფხვები გალიაში... ჩვენი ოჯახის გარშემო მსახიობები და რეჟისორები ტრიალებდნენ, ამან მოახდინა გავლენა და გადავწყვიტე, ეს გზა ამერჩია მეც. მშობლები კარგად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას... ბავშვობაში მძიმე ტრავმა მივიღე, რომელზეც არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ ამანაც იქონია გავლენა ჩემს პროფესიულ არჩევანზე. დედასთან მეგობრობდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, თენგიზ არჩვაძე, ქეთევან კიკნაძე, გიგა ლორთქიფანიძე. ამ წრეში რა უნდა მომდომებოდა სხვა... ფეხბურთი მიყვარდა ძალიან, ცურვაზეც დავდიოდი. წყლის თხილამურებზე ვიდექი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი ამ სპორტში და ამით ვამაყობ დღეს. ჩემი მეგობრები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი, დათო ევგენიძე, ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია. 
– რატომ აირჩიეთ რეჟისურა და არა არტისტობა?
– თავისი ჯადო აქვს კინოსაც და სცენასაც. კინორეჟისორობა მარტივი არავის ეგონოს... როცა გიორგი შენგელაიასთან ასისტენტად ვმუშაობდი „ხარება და გოგიაზე“, უკვე ჩამოყალიბებულად მინდოდა რეჟისორობა. ჩემი პედაგოგები იყვნენ რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, თენგიზ აბულაძე. „დონ კიხოტზეც“ ვიყავი ასისტენტად. მერე მომივიდა ჯარი და შეიქმნა „ერთი ქართული ისტორია“. 
– ჯარში ფსიქიატრიულშიც მოხვდით. რა იყო ამის მიზეზი?
– არ ვიცი, რატომ გამომკეტეს. არ ვემორჩილებოდი სისტემას და, ალბათ, ამიტომ... საქორწინო ბეჭედი მეკეთა. მოიხსენიო, კაპიტანმა მითხრა. უარი ვუთხარი... მაშინ მამაჩემი დაჭერილი იყო. ზემოქმედება რომ მოეხდინათ მამაზე, შვილებს უჩაგრავდნენ. უფრო სწორედ, უნდოდათ, დაეჩაგრათ. ამას მიეძღვნა ზუსტად ჩემი ფილმიც – „ერთი ქართული ისტორია“. მე რომ ჩამოვედი, ჩემი ძმა, გია დაიჭირეს. თავიდან ჯარში წავედი ჩვეულებრივად, როგორც სხვები მიდიოდნენ. ცხინვალში ვიყავი. იქიდან ბაქოში გადამიყვანეს. ბაქოში ვერ გავუძელი წნეხს. იქ ჩმორი უნდა ყოფილიყავი. შეურაცხყოფა მივაყენე კაპიტანს 200 კაცის თანდასწრებით. გამომკეტეს ფსიქიატრიულში, ვითომ ჩემს ნერვებს იკვლევდნენ. სინამდვილეში ჩემი ჯარში წასვლა არ შეიძლებოდა. ავლიპ ზურაბაშვილმა დადო დასკვნა, რომ არ ვიყავი ჯანმრთელი, ამ მხრივ. უბრალოდ, მამამ მთხოვა, აუცილებელი იყო, თანამდებობაზე მყოფი კაცის შვილი ჯარში ნამყოფი უნდა ყოფილიყო. მამას გამო წავედი.
– ჯარი იძლევა გამოცდილებას?
– იძლევა იმ მხრივ, რომ მარტო ხარ და თავის გატანა გიწევს. კი იყვნენ ცხინვალში ქართველი ბიჭები, მაგრამ იქიდან სხვაგან გადამისროლეს... შეურაცხყოფას გაყენებენ, გთრგუნავენ, თუ დაემორჩილე, ჩმორი გახდები. გამოცდა იყო ერთგვარი. ბეწვის ხიდზე გადიხარ. შუა აზიაში რომ გადამაფრინეს, იქ გავიგე, რომ ავღანეთისთვის ვიყავით განწირულები. უბრალოდ, გაგვიმართლა, მატარებელს დააგვიანდა და ეს ნაწილი უკვე წაყვანილი ჰყავდათ. ბედი გქონიაო, ერთმა სომეხმა მითხრა. მიზანი ეს იყო, ქართველი ბიჭები ბევრი გაისტუმრეს ასე იმ ქვეყნად. 
– ჯარის გამო შვილის დაბადებას ვერ დაესწარით.
– კი, იყო ასეთი ისტორია. ბაქოში ვიყავი, რომ დამიძახეს, რაღაცას გეტყვით და არ შეიმჩნიოო. კი, ბატონო მეთქი-დავეთანხმე. გოგო შეგეძინათო. რა დაარქვეს-მეთქი, ვკითხე... როლანდიო, მიპასუხა. როგორ გინდა, არ შეიმჩნიო. ჩემთვის ვფიქრობ, მამაჩემს თემო ჰქვია, თემოც რომ დაერქმიათ, რა უბედურებაა, ქალი დაიბადა. ეს არ არის ქალის სახელი-მეთქი, ვუთხარი. რა ვიცი, რაღაც ეგეთი ჰქვიაო, მიპასუხა და წავიდა. 
– როგორი იყო თქვენი და ნინის პირველი შეხვედრა?
– მე – შინელში, ნინი საფენებში გახვეული ჩემს ყოფილ მეუღლეს, ეკას ეკავა ხელში. ერთი თვისაც არ იყო. ორი დღე მოგვიწია ერთად ყოფნამ. მერე ისევ ბაქოში დამაბრუნეს. 
– არაერთი მომღერალი, მუსიკოსი მეგობარი გყავდათ... ეს გზა რატომ არ აირჩიეთ?
– არ მემღერებოდა. ჩემი მეგობრები იყვნენ გიო ხუციშვილი, თავგასა, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, ირაკლი ჩარკვიანი, ყველა მღეროდა. ირაკლი ჩარკვიანის დედა, ნანა და დედაჩემი, ლალი კლასელები იყვნენ. მე და ირაკლის ერთად გვაძინებდნენ, ასე მოვდიოდით ერთად. ძალიან რომ მიჭირდა საქართველოში დაბრუნებულს და ქალაქში არ გამესვლებოდა, ირაკლი ძალიან დამეხმარა. მაშინ ძმაც იყო ჩემი ირაკლი, მამაც და მეგობარიც. დღე და ღამე მასთან ვიყავი. ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა ირაკლის წასვლამ ამქვეყნიდან. 
– „ავტოპორტრეტზეც“ მიამბეთ...
– ეს ჩემი პირველი ფილმი იყო... ჯარიდან ჩამოსულმა პირველი მუხტი ამ ფილმში ჩავდე. ძალიან მაგარი ჯგუფი შეიკრა: გოგა ხაინდრავა, დათო ევგენიძე, მხატვარი ვასო არაბიძე. ცხრიანში რომ გოლს გაიტან, ასეთი ფილმი გამოვიდა. მერე იყო „ცოდვის დღესასწაული“. ღმერთმა გაანათლოს ამირან შალიკაშვილის სული, მან დამპატიჟა, რაც გინდა გადაიღეო. მაშინ ძალიან მაინტერესებდა კლასიკა. ჯავახიშვილს მოვკიდე ხელი – „ორი შვილი“... ეს არის საავტორო სრულმეტრაჟიანი ფილმი. მამუკა კიკალეიშვილი, ლია კაპანაძე ვათამაშე. მგელკაცზეა ფილმი, რომელმაც მგლობით უნდა გაიტანოს ცხოვრება. ძლიერი დრამაა. გიორგი შენგელაიამ დამირეკა და შემიქო ნაშრომი. სწორედ მან მომაწოდა იდეა, „თბილისი ჩემი სახლია“ გადამეღო. 93 წელს მეძავი ქალის ისტორიის გადაღებამ დამაფიქრა. ჯერ ახლა უჭირთ ასეთი სცენების გადაღება და მით უმეტეს მაშინ. მაქსიმალურად ესთეტიკურად გადავიღე. ქალს ზურგიდან გავხადე, კარები მოვკეტე. მოეწონა გიორგის, არაერთი პრიზი აიღო ამ ფილმმა. 
– დღეს მუშაობთ ახალ ფილმზე „ხიდი“, რომელშიც თქვენი შვილი, ნინი მიიღებს მონაწილეობას. მას პარტნიორობას თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი გაუწევს... 
– სცენარი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ეს არის ერთი გურჯი კაცის ბედი, რომელიც დახვრეტას გაურბის სისტემისგან... მისი შვილის ისტორია, რომელსაც ქართველი გოგო უყვარდება და სიყვარული წამოიყვანს საქართველოში, მამის მხარეში. 
– ნინი ვის თამაშობს?
– მომღერალია ნინი ამ ფილმში, რომელიც თურქეთში ჩადის ერთ-ერთ კონცერტზე და სწორედ იქ მოხდება მისი და მთავარი გმირის გაცნობა. 
– მარტივად დაითანხმეთ მურატი?
– წერილობითი თანხმობაც მაქვს. სტამბულში შევხვდით ერთმანეთს, ქართველი შუამავლის მეშვეობით. რამდენიმე დღე გავატარეთ ერთად. ერთ-ერთი ვახშმის შემდეგ ახალგაზრდები დავტოვე მარტო და მე სასტუმროში წამოვედი. ნინი მოაცილა და დააბარა, მამაშენი ტყუილად ნერვიულობს, ძალიან მინდა ამ ფილმში თამაშიო. 
– დაახლოებით როდის გეგმავთ გადაღებების დაწყებას?
– ახლა წინამოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. სხვა მსახიობებს ვარჩევ. 
– კიდევ ვინ იქნება დაკავებული ამ ფილმში?
– ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია, დათო დვალიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე...
– სად იქნება გადაღებები?
– სტამბულში, სადაც ლოკაციები ნაწილობრივ შერჩეული გვაქვს. ძალიან გვეხმარება სტამბულის მერია. ასევე, ბათუმსა და თბილისში. 
– წარმატებებს გისურვებთ.
– დიდი მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი
loading...