დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

შშმ პირებზე პარკირების ახალი სტიკერების გაცემა დაიწყო

12:50 06-19-2017
17

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ახალი ნიშნების გასცემა დაიწყო.

შშმ პირები ახალ სტიკერებს უფრო მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ.

ახალი ნიშნის მისაღებად სრულწლოვანმა შშმ პირმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით გაცემული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს, ხოლო არასრულწლოვანი შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებასა და დაბადების მოწმობას ჯანდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფორმა NIV-50/4-ის შესაბამისად გაცემული ცნობა უნდა დაურთოს.

შშმ პირებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაციის ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შეიძლება წარადგინონ.

ტრანსპორტის სამსახური ახალ სტიკერს საბუთების იდენტიფიკაციისთანავე გასცემს. სრულწლოვანი შშმ პირები საცნობ ნიშნებს 3-წლიანი ვადით მიიღებენ, ხოლო არასრულწლოვანი - 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ადრე პარკირების სტიკერი შშმ პირსა ან მათ მეურვეებზე რეგისტრირებულ ავტომობილზე გაიცემოდა. შესაბამისად, სხვა ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში, ისინი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით ვერ სარგებლობდნენ. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ პარკირების ახალი წესი მიიღო, რომლითაც შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნების გაცემის პროცედურა დაიხვეწა.

კითხვების არსებობის შემთხვევაში შშმ პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს.

მისამართი: მიცკევიჩის ქუჩა 29, ტელ: 2 378 563