კობახიძე პრეზიდენტთან დებატებზე: ჩვენი პოზიციები არის მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის სუსტი

12:10 06-19-2017
25

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისევ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან მიმართებით მას სუსტი პოზიციები აქვს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ჩიხში შევიდა და ამის შედეგად უარი პირდაპირ ეთერში დაჯდომასა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობაზე

,,ჩვენ პრეზიდენტისთვის დებატები არ შეგვითავაზებია, ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე ღია ეთერში და საზოგადოების წინაშე ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებით არის მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის სუსტი. პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია არასწორი გზა, კომისიასთან, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა. მაშინ როცა დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება პრეზიდენტი შევიდა ჩიხში. ამის შედეგია ის, რომ მან უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს გაუჭირდება პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმ თემაზე საუბარი, რომლის მოწინააღმდეგეც იყო და რომელიც ვენეციის კომისიამ მოიწონა.

,,ჩვენი პოლიტიკური ნება იყო ის, რომ გვინდოდა დახვეწილი კონსტიტუცია. ყველა მუხლთან მიმართებით გვაქვს წინსვლა და აქედან გამდინარე ჩვენი პოზიციები ძლიერია და პრეზიდენტის პოზიციები უაღრესად სუსტია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს გაუჭირდება დაჯდეს საზოგადოების წინაშე და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ისაუბროს იმაზე თუ რა მართალი იყო საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისია, ამაზე საუბარი გაუჭირდება პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინააღმდეგე იყო დღეების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი