დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ახალი სკანდალი საპატრიარქოს ირგვლივ - დაპირისპირებული მხარეების პოზიცია

11:42 06-19-2017
3778

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

საპატრიარქოს ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად საქმე სასულიერო სემინარია–აკადემიას ეხება. სასწავლებლის კურსდამთავრებულების ნაწილმა გასულ კვირას სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებები გამოაქვეყნეს და სემინარია–აკადემიის რექტორი, პროპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შანტაჟში, ძალადობასა და სტუდენტების მიმართ მონურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

უფრო მეტიც, მათ დღის სინათლეზე გამოიტანეს ჯერ კიდევ 2012 წელს კათოლიკოს პატრიარქისთვის მიწერილი წერილი, სადაც სტუდენტების ნაწილი სასწავლებელში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობდნენ. რატომ გაღვივდა დაპირისპირების ახალი კერა საპატრიარქოს ირგვლივ და ვინ დგას მორიგი სკანდალის უკან?

მამა გიორგი ზვადაძის გარდა კურსდამთავრებულთა ნაწილი სასწავლებლის მოძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიასაც უპირისპირდება და აღსარების საიდუმლოს ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. ბრალდებებს ხელს ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ–მონაზონი ანდრია სარია და თეოლოგი ზვიად ცაბაძე აწერენ, რაც თავად დეკენოზ შალვა კეკელიას აფიქრებინებს, რომ სასულიერი სასწავლებლის ხელმძღვანელობაზე მიზანმიმართული შეტევის უკან სწორედ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურები დგანან.

რამდენად საფუძვლიანია დეკანოზის ეჭვები ამის გარკვევა ჩვენ მამა ანდრია სარიასთან გვსურდა, თუმცა მან ინტერვიუს მოცემისგან თავი შეიკავა. ამის შემდეგ კი ჩვენ დავუკავშირდით ზვიად ცაბაძეს, რომელიც დეკანოზ შალვას მიმართ გავრცელებულ განცხადებას ანდრიას სარიასთან ერთად აწერს ხელს.

ზვიად ცაბაძე, სემინარიის კურსდამთავრებული:

–სანამ თქვენს კითხვებს პასუხს გავცემ, მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ ბევრი კარგი რამ მომცა და ამისთვის მე და დარწმუნებული ვარ, ყველა მადლიერია, ვისაც კი იქ უსწავლია. თუმცა ჩვენი კრიტიკის მიზეზი არა ის სიკეთეა, რაც ჩვენ სასწავლებლისგან მივიღეთ, არამედ ის მრავალმხრივ კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც დღეს სასწავლებელში სუფევს. ამ ეტაპზე ერთ-ერთს გამოვყოფ. ეს არის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელსაც 2012 წლამდე ( მგონი არ მეშლება) სასწავლებლის წესდების მიხედვით უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სასწავლებლის მართვაში. ამის მიუხედავად თვითმმართველობის როლი ფიქტიური გახლდათ და ის მხოლოდ საექსკურსიო საქმეებით შემოიფარგლებოდა ხოლმე ( მე სხვა არაფერი გამიგია). უკვე მომდევნო წელს დამტკიცებულ წესდებაში სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ ჩანაწერი სრულიად გამქრალია და ეს ნიშნავს, რომ გააუქმეს. ამის გარეშე წარმოუდგენელია რომელიმე უნივერსიტეტის გამართულად მუშაობა. სადაც არ არის სტუდენტური თვითმმართველობა, იქ არის საფრთხე, რექტორი იქცეს დიქტატორად. აი, ეს ერთ -ერთი ფაქტიც კი ადასტურებს, რომ ახლანდელი რექტორის მმართველობის სტილი პირველ რიგში აზიანებს თვით სასწავლებელს. მის შესახებ უნდა ვთქვა, რომ მას საქართველოს ეკლესიაში გარკვეული სახის მოღვაწეობა უკავშირდება ( მას უყვარს ამ ფრაზის გამეორება სხვათა დახასიათების დროს) და არ ვიქნებით ობიექტური თუ ამას არ აღვნიშნავთ. თუმცა ის მრავალჯერ, მრავალი სტუდენტის მხრიდან უმძიმეს ბრალდებებში იყო მხილებული, თუმცა ამისთვის მისთვის საეკლესიო სასჯელი არასდროს დაუდიათ.

–ითქვა ისიც, რომ გიორგი ზვიადაძის გარემოცვა, კერძოდ დეკნოზი შალვა კეკელია სტუდენტებისგან გარკვეული სახის ინფორმაციებს ითხოვდა... კონკრეტულად რაზეა საუბარი?

–სამწუხაროდ, დეკანოზმა შალვა კეკელიამ წმინდა აღსარების თემა კვლავ და უმართებულოდ წამოსწია და ახლა უკვე პირდაპირ ეთერში. საქმე ეხება ერთადერთ შემთხვევას (რაც ჩვენ ვიცით იმ ადამიანისგან, რომელსაც ეს თავს გადახდა), როდესაც დეკანოზმა საკუთარ სულიერ შვილს აღსარების დროს (ამას ადასტურებდა ეს ადამიანი) გარკვეული სახის ინფორმაცია მოსთხოვა იმ სტუდენტებზე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ რექტორისა და ადმინისტრაციის გამო. დეკანოზს აინტერესებდა რა იცოდა მისმა სულიერმა შვილმა სტუდენტების სავარაუდო გეგმებზე.

–რატომ ინტერესდებოდნენ ამ ინფორმაციით... ბუნტის საფრთხეს ხედვდნენ?

– სიტყვა ბუნტი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ტერმინია და მიზნად ისახავდა სტუდენტების მარგინალიზაციას და სხვათაგან გარიყვას. სინამდვილეში ეს იყო სტუდენტების სამართლიანი გულისწყრომა და რეაქცია ადმინისტრაციის უსამართლობაზე.

–თქვნ ასევე ახსენეთ ე.წ. მონური ხელშეკრულება.. რას გულისხმობდით?

– რექტორის დავალებით ადმინისტრაციამ შეიმუშავა 7 პუნქტიანი დოკუმენტი, რომლისთვისაც ორ მხარეს - რექტორს, ან პროტექტორს და სტუდენტს ხელი უნდა მოეწერათ. ეს გახლდათ მონური და იურიდიულად სრულიად გაუმართავი შეთანხმება. ის ადმინისტრაციის იურისტის გარდა ბატონმა ედიშერ ქარჩავამაც შეასწორა, მაგრამ უშედეგოდ. ხელშეკრულებაში მხოლოდ სწავლის უფლება ჰქონდა სტუდენტს და ეს მივიჩნიეთ არასამართლიანად და მონურად. რომელი სტუდენტიც მას ხელს არ მოაწერდა გამოცდაზე გასვლის უფლებას კარგავდა და სასწავლებელს ვერ ამათავრბდა. ამ დოკუმენტმა გამოიწვია სტუდენტთა გარკვეული და მრავალრიცხოვანი ჯგუფის უკმაყოფილება და დაიწყო დაპირისპირება.

–თქვენს მიერ გავრცელებულ წერილს ხელს აწერს ჭყონდიდის ეპარქიის მოძღვარი, მამა ანდრია სარიაც... რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?

–მე და მამა ანდრია დიდი ხანია ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა დღითი დღე იზრდება. ჩვენ ერთმანეთს კი არა, სიმართლეს ვიცავთ. დეკანოზმა შალვამ დაგვწამა ცილი ადრეც და ახლაც. ამით სავარაუდოდ ჩვენს სულიერ მოკვდინებას ცდილობს. სწორედ ამის პასუხად გამოვაქვეყნეთ მამა ანდრიამ და მე ერთობლივი პასუხი დეკანოზის ცილისწებების მიმართ.

–შორენა თეთრუაშვილის ფაქტორზე რას გვეტყვით?

– რაც შეეხება ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს გეტყვით, რომ მან ჯერ ჩვენ მოგვისმინა, დაიჯერა ჩვენს მიერ მიწოდებული ამბის სინამდვილე და სიწრფელე, და ამის მიუხედავად 5 მღვდელს უფლება მისცა მისი თანდასწრებით მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ მისი უწმინდესობა. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ სასულიერო სასწავლებლის რექტორს და სრულიად ადმინისტრაციას, გამორჩეულად კი დეკანოზ კეკელიას, სწორედ ის მფარველობს. იგი ამ ყველაფერს ვერ გაბედავდა, ვგულისხმობ უწმინდესის მოტყუებას, რომ არ ჰქონდეს უდიდესი გავლენა საპატრიარქოში.

ლადო წითლიძე, სემინარიის კურსდამთავრებული:

„წლების განმავლობაში სასულიერო აკადემიაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურული და სასწავლო პროცესში არსებული გარღვევებით. უმთავრესი პრობლემა გახლავთ სასწავლებლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათგან სერვილური განწყობით დაქვემდებარებას გულისხმობს.

სასწავლებელში სადაც, ადამიანი და მისი პირადი თავისუფლება უმაღლესი ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს, აბსოლუტურად ჩახშობილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მკაცრად ისჯება კრიტიკული აზრი. საუბარია არა მხოლოდ ადმინისტრაციის კრიტიკაზე, არამედ წმინდად სამეცნიერო, საღვთისმეტყველო საკითხებზეც კი (ზეწოლის მაგალითები უამრავია).

მონურ-მლიქვნელური დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოხატულება არის სასულიერო პირისადმი ხელზე მთხვევის (ლოცვა-კურთხევის გამოთხოვის ,,განსაკუთრებული’’ წესი რექტორისთვის) იძულებით მოთხოვნა, რომლის არ შესრულების შემთხვევაში სტუდენტი იღებს მკაცრ სიტყვიერ გაფრთხილებას ან უწევს ე.წ. "მონანიების ხელწერილის" დაწერა (უკიდურეს შემთხვევაში აკადემიურის აღება). ამას ემატება სასწავლების რექტორის, პროტოპესვიტერ გიორგი ზვიადაძის და სასწვლების მოძღვრთა უხეში დამოკიდებულება სტუდენტებისადმი (ყვირილი, იმპერატივიზმი, სიარულის მანერის ან უბრალოდ სახის გამომეტყველების გამო ახსნა-განმარტების ბარათის დაწერა).

სტუდენტური პროტესტის შემაკავებელ ბერკატად იყენებენ შანტაჟს - სასწავლებლიდან გარიცხვა, გამოცდებზე და სადიპლომოს დაცვისას ჩაჭრას, სასულიერო პირად კურთხევის დაბრკოლება და ა.შ. საერთო საცხოვრებელში ყოველდღიური ხასიათი აქვს დამადლება-დაყვედრებას: "გაჭმევთ, გასმევთ, გაცხოვრებთ" ( რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი და შესაბამისად, თითოეული სტუდენტიც აფინანსებს, საკუთარ და ახლობელთა ოჯახისწევრებს ასაქმებენ და შტატებს ბერავენ, ასევე პრემიებს უაზროდ წერენ)… რითაც ხდება სტუდენტებში კომფორმიზმისტული განწყობის გაღვივება კრიტიკის ტალღის გასანელებლად“.

რას პასუხობს სტუდენტების სკანდალურ ბრალდებებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე? ამის გასარკვევად ჩვენ მას პირადად დავუკავშირდით.

პროტოპრევისტერი გიორგი ზვიადაძე:

–სირცხვილია ამაზე კომენტარის გაკეთება. ხომ ხვდებით რომ ეს არის მიზანმიმართული ცილისმწამბელური კამპანია. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები ასე იქცევიან. აქ ყველა პედაგოგი მუშაობს ძალიან მაღალი შეგნებით და პატიოსნებით. მათ მიმართ ასეთ ცილისწამებას მხოლოდ მოკლედ გავცემდი პასუხს – ეს არის სიცრუე და უღრსი საქციელი.

–მამა გიორგი, თუკი ეს მიზანმიმართული კამპანიაა, ვინ შეიძლება იდგეს ამ კამპანიის უკან?

–არ ვიცი და მათსავით ასე ხელაღებით ვერავის დავადებ ხელს, მაგრამ როცა ადამიანები ასეთ ცილისწამებას კადრულობენ, ცხადია ამას აქვს რაღაც მიზანი ხომ? მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი კამპანიურ ხასიათს იძენს. მათ, როგორც ჩანს, არც ღვთის შიში აქვთ და არც ღირსება. 

„პრაიმტაიმი“ ასევე დაუკავშირდა დეკანოზ შალვა კეკელიას, რომელიც სასულიერო სემინარია–აკადემიის მოძღვარი გახლავთ. იგი გიორგი ზვიადაძესთან ერთად ბრალდებების ერთ–ერთი ადრესატი გახდა.

დეკანოზი შალა კეკელია:

–ეს ადამიანები მე და მამა გიორგის კი არა, პირველ რიგში დედა ეკლესიას უპირისპირდებიან. რუსთავი2–ც იყო მოსული, ჩვენ ვანახეთ ყველაფერი, მაგრამ აჩვენეს მხოლოდ ის რაც მათ აწყობდათ, რომ დაენახებინათ საზოგადოებისთვის თითქოს რა რთული მდგომარეობაა სასწავლებელში. რა თქმა უნდა ეს გამიზნული ქმედებაა, რომელსაც რაღაც ძალა მართავს.

–მათ შორის არიან სასულიერო პირები?...

–დიახ, აქტიურობს მამა ანდრია, რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს რაღაც ინფორმაციას ვიღებდი სუდენტისგან. და ასეც რომ იყოს, ინფორმაციის მიღება რაიმე დანაშაულია?  ეს ყველაფერი ძალიან დიდი გეგმის ნაწილი იყო. მუშაობდნენ წინასწარ რომ რექტორისთვის კარი აეჭედათ და სტუდენტების მცირე ჯგუფს მოეწყო რაღაც გადატრიალება. წარმოიდგინეთ ანდრია სარიამ, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ანუ ერისკაცობაში პირადად მე, მოძღვარს ჯვარზე ხელით მომქაჩა და მითხრა ამ ჯვარს აქ დაგატოვებინებო. ამის შემდეგ შენდობაც არ უთხოვია, წაიყვანეს და სასულიერო პურად აკურთხეს.

–ვინ აკურთხა?

–მეუფე პეტრემ წაიყვანა თავის ეპარქიაში და აკურთხა მღვდელმსახურად.  ვფიქრობ ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, მათ შორის საუბრები რომ პატრიარქი ვერ მაართავს ეკლესიას.

–ანუ ფიქრობთ, რომ მთელი ეს კამპანია ჭყონდიდის ეპარქიიდან იმართება?

–დიახ, ალბათ ასეა. დააკვირდით მათ განცხადებებს. გამოდის დედა თამარი, რომელიც ასევე ჭყონდიდის ეპარქიის მონაზონია და პირდაპირ ცილს წამებს მამა გიორგი ზვიადაძეს, რომ თითქოს ის სტუდენტებს ემუქრება – თუ რამე ისეთს იტყვით დიპლომს ვერ დაიცავთო. ეს არის სრული სიცრუე. ძალიან მიკვირს ასეთი ბრალდება მონაზონისგან. რა მუქარებზე საუბრობს ეს ხალხი, როცა თვითონ მამა ანდრიას, მას შემდეგ რაც ის იკადრა რაც უკვე მოგახსენეთ, დიპლომი დავაცვევინეთ. თუკი ასეთი მუქარები იყო, მაშინ ანდრია სარიამ როგორ დაიცვა დიპლომი? მათი ლოგიკით მას ვერ უნდა დაეცვა სადიპლომო ხომ?! ასევე ზვიად ცაბაძე, როდესაც წავიდა გერმანიაში და მოითხოვა ნიშნების ფურცელი, მას არავითარი პრობლემა არ შექმნია. სად არის ლოგიკა მათ ბრალდებებში? ასევე დედა თამარმა  გააჟღერა ბრალდება, რომ თითქოს გიორგი მამალაძეს ვინც კი დაიცავს იმ სტუდენტებს სასწავლებლიდან გარიცხვით ემუქრებანო. არ მესმის ასეთი სიცრუე როგორ შეიძლება მოგივიდეს აზრად. ეს ადამიანები, სასულიერო პირები არიან ხომ?! სოციალური ქსელით ავრცელებენ რაღაც განცხადებებს. ეს ძალიან კარგია რომ სოციალურ ქსელს და თანამედროვე ტექნელოგიებს იყენებენ, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ 24 საათიან რეჟიმში მიდის განხილვა, კომენტარის ქვეკომენტარები და რაღაც დებატები. დღე და ღამე შეიძლება სასულიერო პირი ფეისბუქის კომენტარებით იყოს დაკავებული? მაინტერესებს როდის ლოცულობენ ეს ადამიანები? რჩებათ კი დრო ლოცვისთვის? ეს არის ბოლო შემთხვევა როცა მე მათ ბრალდებებზე კომენტარს ვაკეთებ. აღარ ვაპირებ ასეთ სიცურეებზე თავის მართლების რეჟიმში ჩადგომას. როგორ შეიძლება მამა გიორგი ზვიადაძეზე იმ ცილისწამებების გავრცელება, რომელსაც ეს ადამიამები კადრულობენ. უნდა ვამაყობდეთ რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს ასეთი მღვდელმსახური. ადამიანი, რომელსაც საკუთარი ბინაც კი არა აქვს და დღემდე სხვის სახლში ცხოვრობს. ყველფრის თქმა ხომ არ შეიძლება არა?!

–თქვენ საუბრობთ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებზე... როგორ ფიქობთ, თავად ამ ეპარქიის მიტროპოლიტი – მეუფე პეტრე ცაავა იზიარებს ამ ბრალდებებს?

–როგორც წესი კონკრეტული ეპარქიის სასულიერო პირები საუბრობენ მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევით. თუ ისინი მეუფე პეტრეს ლოცვა კურთხევის გარეშე საუბრობენ კიდევ უფრო უარესი, მაგრამ არა მგონია ასე იყოს. მაგალითად დედა თამარმა როცა ეს ბრალდებები გააჟღერა ის პირდაპირ ეპარქიის ეზოდან ერთვებოდა ტელეკომპანიას, შესაბამისად ძალიან ძნელი დასაჯერებელია რომ ამ განცხადებების შესახებ არაფერი იცის მეუფე პეტრემ.

–მიზანი რა არის, როგორ ფიქრობთ?

–არ ვიცი რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს. ეს მათ უნდა ვკითხოთ. მაგალითად მეუფე პეტრე სულ გვეუბნება – „პატრიარქი ვერ მართავს“, „გვანახოს პატრაიქრმა თავად მართავს თუ არა“, „აი ახლა დავრწმუნდებით მართავს თუ არა პატრიარქი“ და ა.შ.  რას ნიშანვს ეს განცხადებები? პირდაპირ პატრიარქს ვერ უყენებენ ბრალდებებს და ებრძვიან პატრიაქრის გარემოცვას. მათ იციან რომ პატრიარქზე პირდაპირ შეტევას ხალხი არავის აპატიებს, ამიტომ მიზანში ამოიღეს ის ადამიამები, ვინც კეთილსინიდისერად და ღირსეულად ემსახურება დედა ეკლესიას და მის უწმინდესობას.

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი
loading...