დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

საკონსტიტუციო პროექტი შეიძლება „გაიყიდოს“ - მაჟორიტარები ვაჭრობენ, ოპოზიცია იმუქრება

11:27 06-19-2017
20

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ოპოზიცია საგონებელშია. მას კარგად ესმის, რომ კონსტიტუციისთვის ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება“ კი არა, მაჟორიტარები არიან. დაპირისპირების ხაზთან სწორედ ისინი დგანან – ოპოზიცია და მაჟორიტარები, ან ერთი წავა სახლში, ან მეორე. ყველაფერი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო პროექტს. „ქართული ოცნებისთვის“ ამინდი არ შეიცვლება, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ოპოზიცია თავის კომპლექსებს დაძლევს – ოპოზიცია ვართ და უმრავლესობის პროექტს მხარს არ დავუჭერთო – თუ მაჟორიტარები შეინარჩუნებენ პარლამენტში საკუთარ თავს. „ოცნება“ წაგებული არცერთ შემთხვევაში არ დარჩება. თუ მაჟორიტარების ხმას მიიღებს, შესაძლოა, ეს ინსტიტუტი შეინარჩუნოს და მაშინ მის აქტივში დამატებით 73 ხმა ჩაიწერება – სწორედ ამდენი მაჟორიტარია პარლამენტში და ოპოზიცია მუდმივად საყვედურებშია: ისინი გამარჯვებულ პარტიას უჭერენ მხარს და ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობას უქმნიანო. თუ ოპოზიცია დაუჭერს პროექტს მხარს, მაშინ 73-ის ნაცვლად უმრავლესობამ შესაძლოა, მხოლოდ 20 მანდატი დაიმატოს, ისიც გაუნაწილებელი მანდატების მარაგიდან. გაუნაწილებელი მანდატები ის მანდატებია, რომელიც იმ პარტიებიდან რჩება, ვინც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ახლა უმრავლესობა დააწესებს ზედა ზღვარს და, სავარაუდოდ, სწორედ ეს ზღვარი არ მისცემს გამარჯვებულ პარტიას მეტი მანდატის მოპოვების საშუალებას.
 
ოპოზიციას მოსაფიქრებლად ცოტა დრო რჩება. მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანი რეფორმაა და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა, ამისთვის მას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. 
ოპოზიცია ხუთშაბათს აპირებს შეკრებას და მოლაპარაკებას. არასაპარლამენტო ოპოზიცია ძალიან პრინციპულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ პროექტს. გიორგი ახვლედიანი, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, არც ფართომასშტაბიან აქციებს გამორიცხავს:

– არავითარ ალტერნატივას არ გვიტოვებენ, მხოლოდ რევოლუცია და კომბალი თავში, სხვა რა გამოსავალი გვაქვს? ხელისუფლება გვეუბნება, სულ ჩვენ უნდა ვიყოთ, თქვენ ოფისები დაკეტეთ და სახლებში წადითო.