მიდის თუ არა მღებრიშვილი? - "მიზანმიმართულად ცდილობენ "შეუტიონ" პოლიციას"

10:59 06-19-2017
115

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ არ ადასტურებს. "პრაიმტაიმთან" ინტევრიუში მღებრიშვილი ამბობს, რომ შსს-ში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება და გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი დეზინოფრმაციის გავრცელება. 

"იმ ფონზე, როცა შსს-ში ხორციელდება ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორობის შესახებ, დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი ევროპის სამართალდამცველთა გაერთიანებაში,  რაც საქართველოს შსს-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა და აღიარებაა, როცა შევქმენით მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს, შემოდგომაზე უკვე ამოქმედდება ე.წ. „ჭკვიანი კამერები“,  ვიწყებთ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას, დნმ ბანკის შექმნას და სხვა ახალი პროექტების განხორციელებას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცალკეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, პერიოდულად „შეუტიონ“ პოლიციას, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, გააჩინონ დესტაბილიზაციის, დემოტივაციის და რყევის შეგრძნება. არ ვიცი, სხვა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ლამის პერმანენტულად დეზინფორმაციის გავრცელება თუნდაც მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს იყოს ცალკეული პირების ჩემდამი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე და თავი დაანებონ უწყების, ჩვენი პოლიციელების დისკრედიტირებას, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების საძირკველია", - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი