არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ქუჩაში სიგარეტის გადაგდების შემთხვევაში 120 ლარით დაჯარიმდებით

13:14 01-12-2015
19

გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა რთულია, თუ ის კონკრეტული სანქციებითა და ჯარიმებით არ იქნება გამყარებული. ამის საილუსტრაციოდ ავტომობილებზე უსაფრთხოების ღვედის გამოყენებაც კმარა. ამიერიდან, ქუჩაში სიგარეტის ნამწვებსაც, წესით, იშვიათად უნდა შევხვდეთ, რადგან 15 იანვრიდან ძალაში შედის ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ქუჩაში სიგარეტის, ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადაგდებაზე სოლიდურ ჯარიმას აწესებს. ამ თემაზე უფრო დეტალურად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გვესაუბრა, თუმცა გეტყვით, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა ნარჩენების მართვის სფეროში წარმატებას მიაღწიეს არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალიან უნდოდათ, ან სწორად გათვლილი რეფორმები გაატარეს, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოება ამისთვის მზად იყო და ახლაც მზად არის, დამატებითი გადასახადები გადაიხადოს უფრო ჯანსაღ და სუფთა გარემოში საცხოვრებლად. ამასთანავე, არ ამბობენ უარს ნარჩენების სეპარაციაზე, რომელიც დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის ნაწილს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ეძნელება უახლოეს ურნასთან მისასვლელად, რომ არაფერი ვთქვათ ავტოტრანსპორტიდან გადაგდებულ და ბუნებაში დაყრილ ნარჩენებზე. სპეციალისტების ვარაუდით, ახალი რეგულაციები და ჯარიმები, საზოგადოებას ნაგვის ურნებთან მისვლას „აიძულებს“.

ლევან მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

– დიახ, 15 იანვრიდან ძალაში შედის „მყარი ნარჩენების მოძრაობის კოდექსი“. ეს კანონი არეგულირებს ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებს, დაგროვებას, მოძრაობას, დასაწყობებას და მათ შორის, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას. ახალ რეგულაციაზე კონტროლი დაევალა ადგილობრივ თვითმმართველობებს და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს. საპატრულო პოლიციას ეკისრება ნაწილი ამ ვალდებულებებიდან. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც მოძრავი ავტომობილიდან ხდება გარემოს დაბინძურება კვების, ან სხვა სახის ნარჩენებით. ასევე, ჩვენს კონტროლს ექვემდებარება სამშენებლო მასალების არასათანადო ადგილას დასაწყობება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც საპატრულო პოლიცია დაინახავს, რომ ადამიანი ცდილობს, მოიცილოს ნარჩენები და ის გადაყაროს ქუჩაში, საპატრულო პოლიცია უფლებამოსილია, მიიღოს ზომები, ანუ ეს პიროვნება დააჯარიმოს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხედველობის არეში მოხვდება ის ავტომობილები, საიდანაც ხდება ნარჩენების გადაყრა, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, საკვების პროდუქტები თუ ა.შ.

– და რა რაოდენობის ჯარიმა დაწესდება ამ შემთხვევაში?

– ჯარიმის ოდენობა იქნება 120 ლარი.

– ეს ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება?

– რა თქმა უნდა. ალბათ, დამეთანხმებით და თქვენც ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ავტომობილიდან ადამიანი აგდებს სიგარეტის ნამწვებს, პირდაპირ მაგისტრალზე ისვრის საზამთროს ქერქებს და სხვა მსგავსი შემთხვევები. 21-ე საუკუნეში უფრო მეტი მოეთხოვებათ მძღოლებსაც, მგზავრებსაც და ზოგადად, საზოგადოებას. დროა, ჩვენი თვითშეგნება ამ დონემდე ამაღლდეს და არ ვიყოთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც დაბინძურებული ქუჩები ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის ნორმა, რომელიც მოქმედებს ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

– თქვენი ვარაუდით, დაწესებული ჯარიმები შეამცირებს გარემოს დაბინძურებას?

– ყველა საქმეს აქვს თავისი წესი. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა იცხოვრონ ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში. თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია რაღაც ვალდებულებები და დროა, ეს ვალდებულებები უფრო მეტად გავაცნობიეროთ. იგეგმება საინფორმაციო კამპანიის წამოწყება, რათა მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ახალი რეგულაციების შესახებ.

გარემოს დამცველები ხელისუფლებას აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდებენ, რათა მოსახლეობას განემარტოს, რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს სახიფათო ნარჩენი. ძალიან ბევრს არ ეცოდინება საქართველოში, რომ თერმომეტრი, ძველი ტელევიზორი, საათის ბატარეა, ეკონომიური ნათურა, პრინტერის კარტრიჯი ან თმის საღებავი სახიფათო ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება. ასეთი ნარჩენებისთვის აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ურნები, სადაც მათი ცალკე განთავსება იქნება შესაძლებელი. ამის გაკეთება აუცილებელია და დღეს ან ხვალ მაინც მოგვიწევს ამაზე ფიქრის დაწყება.

ევროპის განვითარებულმა ქვეყნებმა ეს ეტაპი უკვე გაიარეს. მაგალითად, გერმანიაში არსებობს რამდენიმე ფერის ურნა: მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი და ნაცრისფერი. ძირითადად გამოიყოფა ნარჩენების შემდეგი ჯგუფები: ბიოლოგიური ნარჩენები (ბოსტნეული, კვერცხის ნაჭუჭები, ძველი პური, გამხმარი ყვავილები და სხვა), შუშა (ყველა სახის ცარიელი ბოთლი: ღვინის, ზეთის და სხვა), ქაღალდი (ფურცლები, წიგნები, გაზეთები და სხვა), პროდუქტების შეფუთვები (შამპუნის ცარიელი ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, პაკეტები და სხვა) და დანარჩენი საყოფაცხოვრებო ნარჩენები (ტექნიკა, ნაგავი, ნაცარი, სიგარეტის ნამწვი და სხვა). უფრო მეტიც, ურნის სხვადასხვა ჭრილში თავსდება ყავისფერი, მწვანე და გამჭვირვალე შუშები. ცალკე სპეციალური ურნებია გამოყოფილი ბატარეებისთვის, რომელიც სახიფათო ნარჩენია. ძველი ავეჯის თავიდან მოსაშორებლად საკმარისია მათი ქუჩაში გამოტანა, რადგან მათი წაღების მსურველი ძალიან მალე გამოჩნდება. აქ ნარჩენების სეპარაციის იმდენად რთული სისტემაა და დიდ დროსაც მოითხოვს, რომ ადამიანი იწყებს ფიქრს, როგორ დარჩეს დღის ბოლოს, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი.

მირიან ბოქოლიშვილი

ავტორი: