რატომ ვრჩებით „შინაბერები“ და როგორ გადავჭრათ „პრობლემა“ მარტივად

11:37 10-18-2016
46

სად აქვთ ამ ბიჭებს/გოგონებს თვალები, ან როდემდე უნდა ვიარო მარტო?! მსგავსი შეკითხვები გარშემო ხშირად გვხვდება, ისევე, როგორც ქორწინებას, ან უბრალოდ სასიყვარულო ურთიერთობას მოწყურებული გოგო-ბიჭები, ვიმეორებ: გოგონებიც და ბიჭებიც, მათი რაოდენობა არც ისე მცირეა, თუმცა ისინი მაინც მარტო არიან და ელიან…

  • წლიდან წლამდე
  • ნაოჭიდან ნაოჭამდე
  • თმის ერთი გაცვენილი ღერიდან მეასემდე, სრულ გამელოტებამდე და შემდეგაც…

თუ სადმე ყურს მოვკრავ, რომ სწორი თვითშეფასების ტრენინგი ტარდება – აუცილებლად დავესწრები (იქნებ მეც ვცდები რამეში) და მინიმუმ მესამედ საქართველოსაც მოვუწოდებ დაესწრონ. რატომ? პასუხი მარტივია, ყველას პრინცესა და პრინცი გვინდა: მომხიბლველი გარეგნობის, განათლებული, წარმატებული, კარგი იუმორით, გემოვნებიანი, კომუნიკაბელური და მეგობრული, ნიჭიერი და გვავიწყდება ორი რამ:

  1. ამავე კრიტერიუმებით საკუთარი თავის შეფასება, სადაც მომენტალურად დავინახავთ მომაკვდინებელ კონტრასტს
  2. და გვავიწყდება ისიც, რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანი უამრავია, ამ ფოტორობოტის სრულად დამკმაყოფილებელი კი – მხოლოდ ერთი, გურამ შეროზია და ისიც დაკავებული.

ხუმრობა იქით იყოს და საკითხს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ: ჩვენ ყველანი პრინცები/პრინცესები ვართ, მერე რა, რომ ცხენის ნაცვლად გაქუცულ ვირზე ვზივართ, ან ჩვენი სასურველობა უბრალოდ აქსიომაა, რომელიც უტყუარ მოცემულობად გვაქვს მიღებული და დამადასტურებელი არგუმენტები არც კი გვაინტერესებს. დაგვაინტერესებს და მით უარესი ჩვენთვის, ისინი უბრალოდ არ არსებობენ.

  • რას ჰგავს ეს, საერთოდ არ არის ლამაზი – იწუნებს მორიგი პრინცი/პრინცესა და ავიწყდება, რომ თვითონ ათჯერ უფრო ულამაზოა
  • სხვის მუცელზე ზედმეტი ცხიმი გრამების სიზუსტით გვხვდება თვალში და საკუთარზე კილოგრამებს და ნაკეცებსაც ვერ ვხედავთ
  • სხვისი კბილების ფერთა გამა დეტალებში გვაქვს შესწავლილი და კომენტარებსაც ხმამაღლა ვაკეთებთ, როცა შეიძლება ჩვენ საერთოდ არც გვქონდეს კბილები… და მრავალი სხვა!
  • მე მხოლოდ განათლებული „მეორე ნახევარი“ შემეფერება – გავიძახით ხმამაღლა, როცა ჯამში ორი წიგნი გვაქვს წაკითხული და/ან დათვალიერებული: დედა ენა და კამა სუტრა.
  • გვერდით წარმატებული ადამიანი მჭირდება! ვამბობთ და ჯერ კიდევ გაურკვეველ „მეგზურს“ წინასწარ ვაკისრებთ ჩვენი რჩენის ვალდებულებას

გარეგნული ნიშნით აპელირება, თუ დისკრიმინაცია მარაზმია, დამეთანხმებით, მაგრამ გაუგებარი, რატომ ვიმსახურებთ ყველანი იდეალურებს, ამ შემთხვევაში გარეგნულად, როცა იდეალურთან ახლოსაც კი არ ვართ არსებული მონაცემით და სხვა შემთხვევაში – ათასი სხვა კრიტერიუმითაც.

მოდით, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ერთად დავეშვათ მიწაზე. უფრო დანარცხების ფორმატში გამოგვივა და გვეტკინება კიდეც, მაგრამ სჯობს ერთხელ გვეტკინოს ძალიან, ვიდრე მთელი ცხოვრება ყრუ ტკივილში გავატაროთ და ჩვენთან მოსული ერთადერთი პრინცი/პრინცესა არც ისე ელეგანტურ შავ სამოსში გამოწყობილი სიკვდილი აღმოჩნდეს.

გურამ შეროზიას ბლოგი

http://www.guramsherozia.com/

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი