ყველა კლუბში ვარ ნამყოფი, ჩემთვის მიუღებელია ქართველი ქალი ამ საზიზღრობაში რომ დადის – გივი სიხარულიძე

431

“ჩემთვის საშინელება და მიუღებელია ქართველი ქალი, პატარა გოგო იქნება, თუ დიდი, ამ საზიზღრობებში რომ დადის. ყველა კლუბში ვარ ნამყოფი. რა ხდება და როგორც ყველა კლუბში, ამორალურობა ხდება”, – ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ “პრიორიტეტის” ეთერში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, სადაც პრემიერი საქართველოში პროსტიტუციის შესახებ საუბრობს.

გივი სიხარულიძესთვის, როგორც მან აღნიშნა, პრემიერის განცხადება სასიამოვნო და მისაღები იყო.

“მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავიგე პრემიერ-მინისტრისგან ის განცხადება, რაც მე ძალიან მესიამოვნა. რა თქმა უნდა, ჩემთვის საშინელება და მიუღებელია ქართველი ქალი, პატარა გოგო იქნება, თუ დიდი, ამ საზიზღრობებში რომ დადის. ყველა კლუბში ვარ ნამყოფი. რა ხდება და როგორც ყველა კლუბში, ამორალურობა ხდება. პატარა გოგოების დაჭერა ბიზნესმენებისგან, წაყვანა, მთელი უბედურება და ამას ხელს უწყობდა “ნაციონალური მოძრაობა”. მათ აწყობდათ, რომ ტურისტები მოეზიდათ, მოთამაშეები. კაზინოებში რომ თამაშობენ, მერე ღამე უნდათ ქალი, ჩამოსულს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ინგლისიდან, საიდან აღარ და ამ პროსტიტუციას ხელს უწყობენ. ეს ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის მიუღებელია”, – განმარტა გივი სიხარულიძემ.

გიორგი კვირიკაშილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში, საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს არ უშვებენ. მთავრობის მეთაურმა დისკრიმინაციაზე მიანიშნა და ფაქტით დაინტერესება და პრობლემის მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა. 

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ღამის კლუბებთან დაკავშირებითაც დამატებითი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მედიამ სხდომაზე გაკეთებული განცხადება არასწორად გაიგო და დამატებითი განმარტებაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

“რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩემთვის ამ წუთებში სამწუხაროა ის, რომ იქ არის პროსტიტუცია. მათ შორის, არასრულწლოვანი ჩვენი მოქალქეების და არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების ამ კლუბებში შეშვება”, – განმარტა პრემიერმა.