საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად ერთი პროცედურაღა რჩება

32

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გაიმართა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ხოლო 20 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში მუდმივის წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე დაეთანხმა ცვლილების მიღებას.

“მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად. შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას კენჭს უყრის ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

“იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).”, – აცხადებენ უწყებაში.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზარებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია შენგენის ზონის ნაწილნი არ არიან. მათ არ ეხებათ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები – ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი, ასევე, არ განეკუთვნებიან შენგენის ზონას, მაგრამ მათი სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაშია შენგენის პოლიტიკასთან. შესაბამისად, უვიზო რეჟიმს ეს ქვეყნებიც მოიცავს. გარდა ამისა, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა შენგენის ზონაში შედიან და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ ამ ქვეყნებშიც.