რა უნდა გავითვალისწინოთ ძველით ახალ წელს, სანამ სუფრას მივუსხდებით – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

0
931

ლელა მდივანი

ახალ წელს ყველა ცდილობს,  მრავალფეროვანი კერძებით და ტრადიციული სასმლით შეხვდეს. ამ პერიოდში თამამად მიირთმევ სადღესასწაულო სუფრაზე დახვავებულ გემრიელობებს და სულაც არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ბევრმა მსუყე საჭმელმა შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უნდა ითქვას, რომ სადღესასწაულო კერძების მიღების შემდეგ, ბევრი ქრონიკული დაავადება მწვავდება, თავს გვახსენებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე პროცესები, მაგალითად: პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. სტატისტიკურად, ამ დროს იმატებს ასევე, ინფარქტებისა და ინსულტების რიცხვიც. ასე რომ, ზედმეტმა საკვებმა შესაძლოა, საახალწლო დღეები ჩაგიმწარო
თუ გსურთ, ახალი წლის დღეებში საკუთარ ორგანიზმს
დაეხმაროთ, არასასურველი შედეგებისგან თავი დაიზღვიოთ და სადღესასწაულო განწყობა შეინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ენდოკრინოლოგ ნინო ზავრაშვილის რჩევები.

 

სადღესასწაულო სუფრაზე უხვადაა ცხიმიან, ნიგვზიან, ცხარე, მწარე კერძებ, რის შედეგადაც კუჭი საგრძნობლად იტვირთება. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, რათა არასასურველი შედგისგან თავი დავიზღვიოთ

– გეთანხმებით, სადღესასწაულო სუფრა ნამდვილად დატვირთულია საქართველოში, განსაკუთრებით ახალი წლის სუფრა, რაც იმაზე მეტ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, დღესასწაულის დღეებში ნორმალური სხეულის მასის მქონე ადამიანი, საშუალოდ, 0,5-1,5 კგ-მდე იმატებს წონაში, ხოლო მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე პირებში წონის მატება უფრო რადიკალურიც შეიძლება იყოს, რაც ჯანმრთელობის სერიოზული რისკია. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა, დისლიპიდემია, ანუ სისხლში მაღალი ქოლესტერინი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე. ამის გათვალისწინებით, გირჩევთ, დღის მანძილზე არ მიირთვათ მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ. ჯანსაღი კვება გულისხმობს დღის მანძილზე 4-5 კვებას, მცირე ულუფებით. გირჩევთ, იყოთ ფიზიკურად აქტიურები, დღეში 30 წუთი ვარჯიში დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ალკოჰოლთან; მისი მოხმარებისას მადაც ძლიერდება, რაც ხშირად არაჯანსაღი კვების მიზეზია. არაალკოჰოლური სასმელებიდან გამოვყოფდი ტკბილ, გაზიან სასმელებს, რომლებიც კალორიულად დატვირთულია.

რა გართულებებს იწვევს ეს ყველაფერი?..

– ენდოკრინული თვალსაზრისით, საყურადღებოა შაქრის მატება სისხლში, ანუ ჰიპერგლიკემია, რაც პრედიაბეტისა და დიაბეტის მქონე პაციენტებში განსაკუთრებით საყურადღებოა. ცხიმით დატვირთული საკვები სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მატებას იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. მარილიანი საკვები წნევის მატებას იწვევს. გარდა ამისა, ხშირად გვხვდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სხვადასხვა გამოვლინებით, როგორიცაა გულძმარვა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება.

დიდი რაოდენობით ნიგვზიანი საკვების მიღება რა დაავადებებს ამწვავებს?

– ნიგვზიანი საკვები ხშირად არის დაკავშირებული ალერგიულ რეაქციებთან, რაც, თავის მხრივ, გამოვლინდება კანზე გამონაყარით, შეშუპებით, ქავილით, ხან კი უფრო მწვავე გამოვლინებით, რაც დროულად საჭიროებს ექიმის ჩართვას. ნიგვზიანი საკვები შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მიზეზიც გახდეს, რაც გამოვლინდება ფაღარათით, მუცლის შებერილობით და ა.შ.

რამდენად საშიშია სადღესასწაულო პერიოდი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის?

– განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით, რადგან საახალწლო სუფრაზე მრავლად გვხვდება ნახშირწყლების შემცველი საკვები, როგორიცაა გოზინაყი და სხვადასხვა ტკბილეულობა. პაციენტებს ვურჩევთ ექიმის რეკომენდაციების მიყოლას, ისევე როგორც დანიშნული მედიკამენტების უწყვეტად მიღებას, სხვადასხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

რომელ დაავადებას რომელი საკვები ამწვავებს?

სადღესასწაულო სუფრები განსაკუთრებით დატვირთულია ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტებით. ნახშირწყლები, პირველ რიგში, შაქრის მატების მიზეზია, ცხიმიანი საკვები სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობას ზრდის, რაც არასასურველი ცხიმებია. მწარე, მჟავე საკვები გასტრიტისა და პეპტიური დაავადების გამწვავების რისკს შეიცავს. ალკოჰოლი და მარილიანი საკვები იწვევს არტერიული წნევის მატებას, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელია.