პრემიერის “სფიჩის” დამწერმა, პროსტიტუციის თემით “გაზპრომის” თემა გადაფარა – ირაკლი მანაგაძე

75

მე მაინც მგონია, რომ პრემირის “სფიჩის” დამწერმა, პროსტიტუციის თემით ძალიან მაგარი თემის გადაფარვა მოახერხა, იმიტომ რომ მისმა დამწერმა და შემდგენმა ზუსტად იცოდა, რომ დღევანდელი “გაზპრომის” თემა ამ თემით გადაიფარებოდა, რომ თოქ-შოუებში, საინფორმაციო გამოშვებებში პირველი თემა ეს იქნებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი მანაგაძემ “პრიორიტეტის” ეთერში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, სადაც პრემიერი საქართველოში პროსტიტუციის შესახებ საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პრობლემა საქართველოს წინა წლებშიც ჰქონდა. 

“აქცენტი იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნები არიან პროსტიტუციაში ჩართული, ქართველი მამაკაცი შევა სადღაც და ამას აღკვეთავს, ეს არის აბსოლუტურად ფანტასტიკის ჟანრი. არა მგონია ასე მოხდეს. არასრულწლოვნები თუ არიან პროსტიტუციაში ჩართული, სახელმწიფო რას აკეთებდა აქამდე, რას აკეთებდა 2008-ში, 2007-ში, 2005-ში, როცა ეს პრობლემა ყოველთვის იყო. რას აკეთებს 2013-ში 2015-ში. მე მაინც მგონია, რომ ძალიან მაგარი თემის გადაფარვა მოახერხა ამ თემით პრემირის “სფიჩი” ვინც დაწერა, იმიტომ რომ მისმა დამწერმა და შემდგენმა ზუსტად იცოდა, რომ დღევანდელი “გაზპრომის” თემა ამ თემით გადაიფარებოდა, რომ თოქ-შოუებში, საინფორმაციო გამოშვებებში ეს იქნებოდა პირველი თემა”, – განმარტა ირაკლი მანაგაძემ.

გიორგი კვირიკაშილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში, საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს არ უშვებენ. მთავრობის მეთაურმა დისკრიმინაციაზე მიანიშნა და ფაქტით დაინტერესება და პრობლემის მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ღამის კლუბებთან დაკავშირებითაც დამატებითი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მედიამ სხდომაზე გაკეთებული განცხადება არასწორად გაიგო და დამატებითი განმარტებაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

“რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩემთვის ამ წუთებში სამწუხაროა ის, რომ იქ არის პროსტიტუცია. მათ შორის, არასრულწლოვანი ჩვენი მოქალქეების და არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების ამ კლუბებში შეშვება”, – განმარტა პრემიერმა.