არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

„ორჯერ თვითმკვლელობა ვცადე“ – „17 მაისი“ – რატი წითელაძის კინოპროექტი მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული გახდა – exclusive

14:51 10-17-2016
30

რეჟისორ რატი  წითელაძის კინოპროექტმა „17 მაისი“ აზიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო. ფილმი ასახავს ლგბტ წარმომადგენლების მდგომარეობას, მათ შინაგან სამყაროსა და მათ ბრძოლას წარსულს, აწყმოსა და მომავალს შორის. ფილმი სვამს პროვოკაციულ კითხვებს და ცდილობს იპოვოს პასუხები სხვადასხვა მგრძნობიარე თემებზე, რომლებსაც ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში ჯერ კიდევ ტაბუ ადევს. ფილმის სცენარისტი ნინო ვარსიმაშვილია.  ნინო და რატი უკვე რამდენიმე წლია თანამშრომლობენ და უკვე არაერთი ფილმი და კინოპროექტი შექმნეს ერთად. მათ შორის არის „დედა“, „ცარიელი სახლი“.

„17 მაისი“ ასევე შერჩეული იქნა პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზე  7th International Festival of Film Producers, Regiofun, რომელიც 18-დან 23 ოქტომბრამდე გაიმართება.

რატი წითელაძეს საზოგადოება იცნობს პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“. მანამდე რატიმ სპორტშიც სცადა ბედი და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. დღეს ის რეჟისორად გვევლინება. ეს მისი ძირითადი პროფესიაა. რატი „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

– როცა ბოქსით ვიყავი დაკავებული და მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდი,  5 მეტოქესთან მიწევდა ორთაბრძოლა. ეს სხვა მასშტაბებია, ხუთი ათასი ფილმია და ერთი იმარჯვებს.

– ვინ არიან შემფასებლები აზიის საერთაშორისო ფესტივალზე?

– სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი პროდიუსერები.

– როგორ დაიბადა ამ პროექტის იდეა?

– გერმანიაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე ვიყავი. სადაც ფილმის პროექტი „ცარიელი სახლი“ წარვადგინე. ესეც ნინო ვარსიმაშვილის სცენარია და საკმაოდ პორობლემატურ საკითხს ეხება საქართველოსთვის, რომ რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე რჩება.  მაშინ ვლაპარაკობდით იქ რა თემებზე შეიძლებოდა პროექტის გაკეთება, რა თემას მოვყვებოდი მე, როგორც რეჟისორი კარგად…

– რატომ გგონია, რომ შენ უკეთ მოყვებოდი 17 მაისის ამბავს?

– უკეთ შეიძლება ვერ მოვყვები, მაგრამ იმ კუთხით მოვყვები, რაც ჩემთვის პერსონალურია.

– რა არის შენთვის პერსონალური?

– შინაგან მესთან ბრძოლა, გააცნობიერო რეალურად ვინ ხარ. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ბრძოლაა. ყველაფერი ვცადე ცხოვრებაში და არაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მე მინდოდა. ეს ბრძოლაა, საკუთარი თავის ძიებაა.

– საკუთარი თავის ძიებამ გადაგაწყვეტინა დოკუმენტური ფილმი გადაგეღო 17 მაისზე (!)?

– მაქამდეც მივალ… მთელი ცხოვრება ვწვალობ, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. იმ წელს, როცა მე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ „ფარიკაობას“ ვცეკვავდი, ქუჩაში ხალხი გამოვიდა, თქვეს, განსხვავებული ორიენტაცია გვაქვსო და ამის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ამდენი წელია ძიებაში ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი ვინ ვარ. რომ  ვიცოდე ვინ ვარ, რა მინდა ცხოვრებაში და ამის გამო ვიღაცამ დამჩაგროს…

– სად არის კითხვის ნიშნები, სექსუალურ ორიენტაციაში?

– არა.

– საკუთარი თავის ძიება, ფილმი 17 მაისზე… ამიტომ გისვამ ამ კითხვას. ცოტა გაურკვეველია…

– საკუთარი თავის ძიებაში ჩემს პროფესიას, კარიერას ვგულისხმობ… ვიყავი სპორტსმენი, ვაკეთებდი იმას, რაც სინამდვილეში არ მინდოდა. მერე გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და მივხვდი, რომ კიდევ არ მომწონდა ჩემი საქმე. ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.  ჩემს საქმეში მაქსიმუმს მივაღწიე  და მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. ამის გამო ორი წელი ჩაკეტილი ვიყავი. ორჯერ თვითმკვლელობა ვცადე, იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა.

– უცნაურია…

– მაგრამ ფაქტია. მინდოდა მაღალი დონის არტისტი ვყოფილიყავი… ამ ყველაფერმა მიმიყვანა ამ წერტილამდე, რასაც რეჟისურა ჰქვია. დღეს კმაყოფილი ვარ, ვიპოვე ჩემი საქმე. ჩემი ფილმები, ფილმის პროექტები, მსოფლიო ფესტივალებმა აღიარეს.

– ჰო, ჩვენ გვახსოვს ფილმი „დედა“, რომელიც ასევე მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებული გახდა, მაგრამ „17 მაისს“ მინდა დავუბრუნდეთ. იყავი შენ იმ აქციაზე, სადაც ეს ყველაფერი მოხდა?

– არა. მაშინ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვიყავი. საერთოდ, ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, აქციაზე  არასდროს  ვყოფილვარ.

– რისი თქმა გინდა ამ დოკუმენტური ფილმით?

– მთავარი არსი ამ პროექტისა არის, ვინ ხარ შენ, რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამაკაცი. ოღონდ, მამაკაცი პირდაპირი გაგებით არა, აქ შეიძლება ქალიც მოიაზრებოდეს, ზოგადად ადამიანი, პერსონა.

– რა გინდა აჩვენო მსოფლიოს ამ ფილმით?

– ჩხუბში მასწავლიდნენ, შენი მთავარი მოწინააღმდეგე არის შენი საკუთარი მეო. ფილმი ამაზეა, გაიგო რეალურად ვინ ხარ. თქვენს კითხვას დავუბრუნდები სექსუალური ორიენტაციის შესახებ. „ნირვანას“ სოლისტს აქვს ასეთი რამ ნათქვამი. „არ ვარ გეი, მაგრამ გამიხარდებოდა თუ ვიქნებოდი, იმიტომ რომ, ჰომოფობებს გავაბრაზებდიო“. არც მე ვარ გეი, მაგრამ თუ ვიქნებოდი არც დავმალავდი. ადამიანს არ უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის. არაფერს და არავის აზრს არ აქვს მნიშვნელობა. ფილმის მთავარი მესიჯიც ეს არის, იყავი ის, ვინც ხარ. არა ძალადობას – ესაა მთავარი გზავნილი მსოფლიოსთან. მთელი ცხოვრება ვჩხუბობდი, კრივს ვგულისხმობ, მაგრამ არასდროს მიჩხუბია ქუჩაში. ერთხელ ვცხოვრობთ, არ არის სიძულვილის დრო. ერთმანეთს ქუჩაში არ უნდა ვურტყამდეთ.

–  მსახიობები უკვე შერჩეული გყავს?

– ფილმი დოკუმენტურია და შესაბამისად, შევარჩევ არაპროფესიონალებს. არავის ეგონოს, რომ ეს იქნება შავ-თეთრი ფილმი, რომ იქნება გამართლებული რომელიმე მხარე, სადმე გამოჩნდება რეჟისორის პოზიცია.  მე არ ვარ შავ-თეთრი ადამიანი. ჩემში არის ბოროტებაც და სიკეთეც. ყველა ადამიანს აქვს ორი მხარე, მათ შორის მეც.

– როგორც ვიცი, კიდევ რამოდენიმე ფესტივალზეა წარდგენილი ფილმი…

– კი, მიწვეულები ვართ გერმანიაში, პოლონეთში. უკვე მიგვიწვიეს ამერიკის ერთ-ერთ ტელევიზიაში. ფილმი ახლახან დავიწყე, ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. თემა არის ძალიან საინტერესეო. ვფიქრობდი, არ დააინტერესებდათ ამბავი 20 ადამიანისა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. მე მჯერა რომ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, საინტერესო ხალხით. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია და ამის თქმის საშუალება მაქვს. ტურისტის თვალითაც შემიხედავს და იმიტომ… ფული ცხოვრებაში არავისთვის მითხოვია. არავის დაუფინანსებია ჩემი ფილმები და პროექტები. „დედა“ 90-მდე ფესტივალზე იყო მიწვეული. მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩემი ფილმები, ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ქართული კულტურა. მე ჩემს ფილმებში ვაჩვენებ საქართველოს საოცარ ბუნებასაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფილმი პრობლემატურ თემაზეა გადაღებული და ჩაფიქრებული. ასეთ პრობლემატურ თემებზე ყველა ქვეყანაში ფილმებს ვერ იღებენ. მე თუ ამის გადაღება შემიძლია, იმას ნიშნავს, რომ გახსნილი ერი ვართ, ერი, რომელსაც თამამად შეუძლია ილაპარაკოს ყველა თემაზე.

– შენ შეგიძლია ყველა თემაზე თამამად ლაპარაკი?

– (იღიმება) მე? მე არა.

– არა? ამდენი ხანია ლაპარაკობ, რომ არ უნდა შეგვრცხვეს იმის, რაც ვართ, როგორებიც ვართ და…

– ნინო, მეჩქარება (საათზე იყურება და იცინის. ავტ).

– უკვე გეჩქარება? მარტივ კითხვას გისვამ, შეგიძლია თუ არა თამამად ილაპარაკო შენს პირად ცხოვრებაზე…

– მე შემიძლია ყველაფერზე ვილაპარაკო, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ვთვლი, რომ არ უნდა ვილაპარაკო.

– ქორწინებაში ყოფილხარ?

– …

– რთული კითხვაა?

– ისეთი კითხვაა, რომელზე პასუხითაც შეიძლება სხვა ადამიანს გული ვატკინო.

– მაშინ ასე დავსვამ კითხვას… მე დავათვალიერე შენი ფეისბუქგვერდი, შემდეგ შენი პარტნიორის, შენი ფილმების სცენარისტის ნინო ვარსიმაშვილის გვერდი და მივხვდი, რომ თქვენს შორის სასიყვარულო ძაფებია გაბმული.

– მე და ნინო საქმიანი პარტნიორები ვართ, დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ…

– თქვენი ერთობლივი ფოტოები მთლად საქმიანად არ გამოიყურება.

– ეს ჩემი პერსონალური ცხოვრებაა, არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამის შესახებ ვინმემ უნდა იცოდეს.

– კარგი, „17 მაისს“ დავუბრუნდეთ… სექსი იქნება ფილმში?

– არა. ეს რომ ყოფილიყო მხატვრული ფილმი, შეიძლებოდა ყოფილიყო. დოკუმენტურ ფილმში არ მგონია ეს ლამაზი იყოს. არ მაინტერესებს როგორ ჟიმაობს მღვდელი, როგორი სექსი აქვს ლგბტ პირს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მე ის საერთო მაინტერესებს, რაც ყველას გვაერთიანებს. ჩვენ ერთნაირად ვიცინით, ერთნაირად გვწყინს და გვიხარია.

ნინო მჭედლიშვილი

14646821_687406694755734_1099772685_o 14657802_687406721422398_1031601177_n 14686178_687406728089064_335164156_n 14694889_687406711422399_1450579131_n

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი