მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

„მჯერა, რომ თავად მოვა სიყვარული, ნატვრის გარეშეც“ – რატომ განმარტოვდა ახალი წლის ღამეს „ლუნა“ – exclusive

16:09 01-09-2017
48
თეგები: a:1:{i:0;i:772;}

„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის ლუნა მაზიაშვილის როლის შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

– გაგიკვირდებათ, ალბათ, და მარტო შევხვდი ახალ წელს. ჩემი შვილი მამაჩემმა გაასეირნა. მეგობარმა ძალიან მაგარი შავი ღვინო მაჩუქა, საფერავი, ჩამოვისხი და დავლიე რამდენიმე ჭიქა…

– მერე გიტარასაც ხომ არ ჩამოჰკარით…

– არა, არა, გიტარა დედაჩემის სახლში დავტოვე… მოკლედ, კარგად შევჭიკჭიკდი და 1-ის ნახევარზე დავიძინე.

– დაუჯერებელია, ამდენი მეგობრის, თანამშრომლების გარემოცვაში, მარტო როგორ დაგტოვეს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ასე მოხდა.

– ეს პირველი ახალი წელია, რომელიც მარტომ გაატარეთ?

– არასდროს მქონია სურვილი, ქუჩაში ან სხვაგან შევხვედროდი ახალ  წელს. სულ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ვხვდებოდი ამ დღეს. წელს მართლაც განსხვავებული გამოვიდა, მარტო ვიყავი. რომ გითხრათ, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.

– გადაღებებმაც არ გადაგღალათ, როგორც ვხვდები…

– არა, არა, პირიქით. დიდ ემოციას ვდებ ჩემს გმირში და იმავეს ვიღებ უკან, მაყურებლისგან.

– თქვენმა ახალმა სიმღერამ კიდევ ერთხელ აიკლო ინტერნეტი… კიდევ გაგვანებივრებს ლუნა მუსიკალური ნომრებით?

– დიდი სიამოვნებით, თუ სცენარისტები კიდევ ჩასვამენ მუსიკალურ ნომრებს სერიალში…

– ცეკვა მოგიწიათ სტეფანესთან ერთადაც, როგორი პარტნიორია?

– არაჩვეულებრივი პარტნიორი და ადამიანია. მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.

– როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდით, სტეფანე წერდა, არ გამაცნოთ ეს ქალი სხვა კუთხით, ასეთს მინდა ვიცნობდეო. ახლა როცა უკვე დამეგობრდით, როგორ მოსწონს ქეთი და არა ლუნა?

– არ ვიცი, ალბათ, ქეთიც მოსწონს.  მართლა ძალიან დავმეგობრდით. სხვა შემთხვევაში მეგობრობა არ შედგებოდა.

– რას ელით ამ წლისგან, რა სურვილი ჩაიფიქრეთ ახალი წლის ღამეს, მარტომ, საფერავით სავსე ჭიქით ხელში?

– არაფერი. ღმერთმა იცის, რა სჭირდება თითოეულ ადამიანს. ოცნებები არც ერთ ასაკში არ მქონია. გულწრფელად გეუბნებით, მეოცნებე არ ვარ, უფრო რეალისტი გახლავართ.

– ანუ სიყვარულის გამოჩენაც არ გინატრიათ?

– ყველა ქალს უნდა ჰყავდეს გვერდში მდგომი მამაკაცი, რომელთანაც კარგად გრძნობს თავს. მაგრამ მე მჯერა, რომ თავად მოვა სიყვარული, ნატვრის გარეშეც.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი