ვასილ მაღლაფერიძე – ტელევიზიას ტექნიკური კოლაფსი და მაუწყებლობის შეწყვეტა ემუქრება

14:08 02-06-2017
37

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.

ვასილ მაღლაფერიძემ პრეზენტაციის დროს, ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების საქმეში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

,,დღეიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ უნდა იყოს ყველა მოვლენა. რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უკავშირდება”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

პრეზენტაციის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ ის გადაცემებს არ ხურავს, არც ვინმეს ათავისუფლებს, მხოლოდ წარადგენს გეგმას, რომელზეც დისკუსია უნდა გაიხსნას და  გადაწყვეტილება ბორდმა მიიღოს.

,,ჩვენ არც არავის მოხსნას და არც არაფრის დახურვას არ ვაპირებთ. ამის არც სურვილი გვაქვს და არც უფლება, დავამთავროთ ამ თემებზე სპეკულაცია”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე საჯაროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქროს ფონდი განადგურების საფრთხის წინაშე დგას.

,,შენობა ამორტიზებულია. ტელეკომპანიაში არის დენის გამათბობლები, რაც შენობაში ჩადებული ნაღმია. ოქროს ფონდი ნადგურდება და იშლება, ამორტიზებული შენობისა და ტექნიკური პრობლემების გამო. მათი გაციფრულება თუ არ მოხდა ოქროს ფონდი განადგურდება. მინდა ვთქვა, რომ მე საქაღალდეში მიდევს პროექტები, რომელიც ეთერში ჯერ არც კი გასულა  და ლობისტები გამოუჩნდა, ადამიანი ვერ ვნახე ვინც ოქროს ფონდის ლობისტი იქნებოდა”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ტელევიზიის კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ტელეკომპანიას არ აქვს რეგიონული ოფისები და ჟურნალისტებს, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ რთულ პირობებში უწევთ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაციის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე.

,,ბიუჯეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაზე  არ არის ორიენტირებული.  2006-2016 წლების განმავლობაში 410 მილიონიდან მხოლოდ 5% დაიხარჯა ტექნიკაზე. 15 მილიონი არქივის გაციფრულებისთვის ვერ მოინახა. მხოლოდ 2016 წელს ბიუჯეტის 60% ხელფასებზე დაიხარჯა და 3% ტექნიკაზე”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად კარგავს აუდიტორიას.

,,შიდა და გარე კვლევებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგავს აუდიტორიას. 2016 წელს 2.14-იანი რეიტინგით დაიწყო და 2017 წელს 1.91%-ით დაასრულა”.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გარდაუვალია ტექნიკური კოლაფსი და მაუწყებლობას შეწყვეტის საფრთხე ემუქრება. მან წარმოადგინა ნაბიჯები კრიზისთან გასამკლავებლად.

– მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემისა და წარმოების შეჩერება, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

– თანამშრომლების ოპტიმიზაცია.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გამოთავისუფლებული თანხები ტექნიკური პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული. იგეგმება ტელევიზიის შენობის შეცვლაც.

,,ჩვენ გადაცემებს არ ვხურავთ ეს არის გეგმა, რომელიც გამოიყვანს ტელევიზიას კრიზისიდან”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ბორდმა უნდა მიიღოს, განიხილონ აღნიშნული გეგმა, შეცვალონ, დაამტკიცონ ან დაამატონ რაიმე. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, უნდა გაიხსნას სივრცე სადისკუსიოდ, სადაც როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები უნდა ჩაერთონ.

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი