მიტჩელი: დასავლეთში უფრო მეტი მიზეზი გაუჩნდებათ მათ, ვინც საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს

0
190

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყო, „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

ამ თემაზე მან კომენტარი “პრაიმტაიმთან” გააკეთა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სიტუაციის გამოსწორებით  მღელვარება ჩააცხროს.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ შექმნილი ვითარების გამო დასავლეთის პოლიტიკა შეიცვლება. თუმცა დასავლეთში ეს უფრო მეტ მოტივს მისცემს მათ, ვინც  ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს არ უჭერს“,  – აცხადებს მიტჩელი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებმა 6 ნეომბერს “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

დიპლომატიური კორპუსი განცხადებაში “რუსთავი 2”-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა პოლიტიკურ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და “რუსთავი 2″-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენმა საელჩოებმა არა ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია. გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს – ეუთო-მ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, Freedom House-მა, გაერო-ს ელჩების სამუშაო ჯგუფმა.