გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს – სასამართლოს განცხადება

0
77
ბრალდებულ გიორგი მამალაძის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს – ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.
“სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.
ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.
loading...