გიგი უგულავა – მე არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და თავის დამცირებას, არ მაინტერესებს ვინ რას წერს და რას პრუტუნებს

81

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი ის ადამიანია, ვინც პარტია შექმნა. თუმცა ყოფილი მერი იმასაც აღნიშნავს, რომ წარსულზე საუბრის დრო აღარა არის და ახლა რეალური საქმეების დროა.

,,თუ 1%-ით მაინც გჯერათ, რომ ამ ადამიანს, ასეთი მეტყველებით შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მე კითხვების 99%-ს გვერდზე გადავდებდი და იმ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი, რადგან მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და ეს გაუგებარი, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში. ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი, მანვე არ დატოვა სამწუხაროდ, ერთიანობის 1%-იანი შანსი. ადამიანი, რომელმაც ეს პარტია შექმნა, მაგრამ ამაზე საუბარი უნდა დავამთავროთ, „მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი“. წარსულზე წარსულმა ილაპარაკოს. ამაზე საუბრისას გული მტკივა, რადგან მჯეროდა, რომ თითოეულ ჩემს თანამებრძოლს, რომელსაც დღეს სხვაგან ვხედავ, საერთო ინტერესებს გამოვნახავდით, რდგან საერთო ინტერესი არის ქვეყანა. თუმცა, მე არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და თავის დამცირებას, არ მაინტერესებს ვინ რას წერს და რას პრუტუნებს. არ არის ენის მოჩლექვის დრო, რადგან ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა და მივხედოთ რეალურ საქმეებს და რეალური საქმეები არის გარეთ, როცა ეკონომიკა კოლაფსშია, კრიმინალი იზრდება და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს”, – განაცხადა გიგი უგულავამ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.